ინტერვიუ

ინტერვიუ პეტრე მამრაძე: მეუფე პეტრემ რაც საჯაროდ თქვა, 1992 წლიდან ვიცოდი

როგორც მთავარმა პროკურორმა განაცხადა, დეკანოზ მამალაძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში არ გულისხმობდა საეკლესიო მაღალი იერარქის, მით უმეტეს, პატრიარქის მოწამვლის მცდელობას. პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ ამ ამბის საზოგადოებისთვის მიწოდების საკითხში შეცდომა იქნა დაშვებული.

 

- ბატონო პეტრე, თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებიდან, ვისი მკვლელობის მომზადების მცდელობაზე იყო საუბარი?

 

- თავიდანვე ვიფიქრე, რომ შეუძლებელი იყო, საუბარი ყოფილიყო უწმინდესის ან რომელიმე იერარქის მიმართ მკვლელობის მზადებაზე. დაკავებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ თვითონ თქვა, რომ წარუდგინეს ბრალდება, სადაც არაფერია ნათქვამი უწმინდესზე კი არა, საერთოდ, სასულიერო პირზე.

 

- თუმცა, იმის გამო, რომ მთავარმა პროკურორმა საგანგებო ბრიფინგზე ძალიან მაღალი ტონით ისაუბრა, შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ქვეყანა ძალიან დიდი რისკის ქვეშ იყო, ყველას გაუჩნდა აზრი, რომ პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე საუბრობდნენ...

 

- ყველას გაუჩნდა აზრი, რომ პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე საუბრობდნენ მთავარი პროკურორი, ხელისუფლების წარმომადგენლები - იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრები და თვით პრემიერიც კი. შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარმა პროკურორმა თქვა, რომ მას პატრიარქი არ უხსენებია. თუმცა, ისიც არ უთქვამს, რომ პატრიარქის წინააღმდეგ არ იყო მიმართული აღკვეთილი ქმედება. ამიტომ ეს იყო ბიძგი შემდეგ. ამას დაემატა ეკა ბესელიას, კახა კალაძისა და არაერთი სხვა პირის გამოსვლა.

 

- როდესაც პრემიერი აცხადებს, რომ მისი პირადი დაცვის წევრები საქართველოს სპეციალური დაცვის სამსახურის უფროსთან ერთად გერმანიაში გაუშვა, სადაც პატრიარქს ოპერაციას უკეთებდნენ, სხვა რა უნდა იფიქრო, თუ არა ის, რომ პატრიარქის წინააღმდეგ რაღაც იგეგმებოდა...

 

- მიუხედავად ამისა, მეორე დღეს ქუჩაში ბევრმა ადამიანმა მითხრა, არ გვჯერაო. ეს იყო სამარცხვინო რამ. როცა ყვიროდნენ, რომ საქართველო გადაურჩა უბედურებას, ყველამ იფიქრა, რომ ეს ეხებოდა არა მხოლოდ ეკლესიას, არამედ პატრიარქს. მათ ყველაფერი გააზვიადეს, როცა საფუძველი არ ჰქონდათ. მთავარია, რომ ბოლო 2-3 დღეში მკვეთრად გამოჩნდა, ხელისუფლების მიმართ ხალხში ნდობა არ არის.

 

- მეორე მხრივ, გამოჩნდა დაპირისპირება ეკლესიაში, რაც არ არის სასურველი და სახარბიელო ფაქტი...

 

- ვთქვათ, რა არ არის სახარბიელო. 1992 წელს, როცა სანდრო კავსაძის კომიტეტში ვმუშაობდი, შემდეგ პარლამენტის წევრი ვიყავი, შემდეგ კი - პრეზიდენტის აპარატის უფროსი, მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ მესმოდა (მათ შორის, სასულიერო პირებისაგან) იგივე ინფორმაცია, რაც ახლა საჯაროდ თქვა ტელევიზიით ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ.

 

- შორენა თეთრუაშვილის შესახებ?

 

- ერთ ეპიზოდში შეიძლება, მაგრამ, მთლიანობაში - ქონებასთან დაკავშირებით.

 

- შეიძლება, ერთი ქალი მართავდეს რამდენიმე ათეულ ეპისკოპოსს?

 

- ეს ხდება მაშინ, როცა თვითონ ასე უნდათ, რომლებიც ჩართული არიან მასშტაბურ ეკონომიკურ და ფინანსურ მაქინაციებში. ეს უკვე ორგანიზებული დანაშაულია, როცა მთელი სისტემა ჩართულია, მოგებას ნახულობენ.

 

- ანუ მთელი ეს არმია ჩართულია კორუფციულ სქემებში?

 

- რატომ მთელი არმია. საუბარია რამდენიმე ადამიანზე, რომლებსაც ეძახიან „ოქროს თევზებს“. მე ვიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას. მავანი იკითხავს, რა მასალები გაქვს, ამას რომ ამბობო.

 

- თვით საპატრიარქოდან თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია?

 

- ყოველთვის მქონდა ინფორმაცია შიგნიდან.

 

- საპატრიარქოდან?

 

_ დიახ. მათ შორის შემიძლია დავასახელო დეკანოზი ბასილ კობახიძე, რომელიც უწმინდესმა სრულიად ახალგაზრდა კაცი დააწინაურა, მაღალი თანამდებობები ჰქონდა. შემდეგ ევროპაში მოღვაწეობდა. ბასილ კობახიძემ ყველაფერი გამოაქვეყნა. ეს ემთხვეოდა იმას, რასაც სხვებიც მეუბნებოდნენ შეხვედრებზე. ბასილ კობახიძეს რომ ვკითხე, მითხრა, რომ დაწერა ის, რაც მან იცოდა. ამიტომ ეკლესიიდან თვითონ გავიდა. ბევრი მესმოდა „კორუფციის შუქურებად“ ცნობილ ადამიანებზე, რომლებიც დააპატიმრეს და შემდეგ მილიონები გადაიხადეს. იმ მილიონების გადახდით კი დაასაბუთეს, რომ მილიონერები იყვნენ. აბა, მე და თქვენ რისი გადამხდელები ვართ, ხომ?

 

- ცხადია...

 

- ბევრი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ იოტისოდენა საბუთი არ მაქვს, რომ გამოვსულიყავი და მეთქვა. დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში პატრიარქის სახელზე ჩამოთვლილია ობიექტები, რამდენია საპატრიარქოსთვის გადაცემული. გადაცემულ შენობას შემდეგ, როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, ვიღაც 100 დოლარად ყიდულობს, რომლის საბაზრო ფასი გაცილებით დიდია. როგორ ხდება ეს? ანუ ის ადამიანი ვიღაცას ქრთამს აძლევს, ხომ? უფრო მეტიც, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ვინაიდან საპატრიარქოს შეღავათები ჰქონდა, სიგარეტების, საწვავისა და სხვა საქონლის შემოტანა ეკლესიის ეგიდით ხდებოდა. თავს აფარებდნენ საპატრიარქოს და მოქმედებდნენ საპატრიარქოს ეგიდით. რაც ითქვა, რა, არ ვიცოდით? ვიცოდით, მაგრამ - ზეპირსიტყვიერების დონეზე. სხვაა, როდესაც მიტროპოლიტი, სინოდის წევრი, ტელევიზიით, საჯაროდ აცხადებს ამას.

 

- თუმცა მას ბევრი აკრიტიკებს...

 

- გააკრიტიკონ, მაგრამ უარყოფენ?

 

- ხომ შეიძლება, ამ ადამიანებს სჭირდებოდეთ შორენა თეთრუაშვილი და არა პირიქით, შორენა თეთრუაშვილს ისინი?

 

- ყველაფერი შეიძლება, მაგრამ 1992 წლიდან დღემდე, მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ეს არის მყარად ჩამოყალიბებული, დამკვიდრებული აზრი. დამისახელეთ ერთი ასეთი, საზოგადოებაში ხანგრძლივად დამკვიდრებული აზრი, რომელიც შემდეგ არ გამართლებულა. 25 წელია სულ სხვადასხვა წყაროდან მაქვს ინფორმაცია შიგნით საპატრიარქოდან. მათ გვარებს არ დავასახელებ. მხოლოდ გიორგი კობახიძეს ვახსენებ, რომელიც ღიად ყვებოდა და ბეჭდავდა იქ არსებული ვითარების თაობაზე. მათ შორის ისიც დაწერა, რომ მცდელობაა, მეუფე დიმიტრი გახდეს პატრიარქი.

 

- ილია მეორის ძმისშვილი...

 

- დიახ. გიორგი კობახიძემ ისიც დაწერა, რომ საპატრიარქოს უმაღლეს იერარქიაში არაერთი ნასამართლევია ეკონომიკურ, ფინანსურ თუ სისხლის სამართლის დანაშაულებზე. შეიძლება, ერთი-ორი იყო, რომელმაც შემდეგ მოინანია და ეკლესიაში წავიდა, მაგრამ ამდენი ერთად?

 

- ამას თქვენ რას აბრალებთ?

 

- უმძიმეს საბჭოურ მემკვიდრეობას, რომელიც დამოუკიდებლობის წლებში ვერ იქნა დაძლეული. ყველამ იცოდა, რომ ეკლესიას „კაგებე“ აკონტროლებდა, მამათმავლობა იყო თუ სხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაული, ამ ტიპის ადამიანები ხშირად იკრიბებოდნენ და მათი პროცენტულობა ძალიან მაღალი იყო. ჩემი ერთი მეგობარი, ასტროფიზიკოსი, წავიდა ეკლესიაში. ვინაიდან ძალიან განათლებული იყო, მალე დაწინაურდა - სამოქალაქო კუთხით საკმაოდ მაღალ თანამდებობას მიაღწია. მერე გავიგე, რომ იგი ეკლესიიდან წამოვიდა. შემხვდა ქუჩაში და ვკითხე, რატომ დატოვე ეკლესია-მეთქი? შემომხედა და მითხრა, „კაგებე“-ში რომ მდომებოდა მუშაობა, პირდაპირ წავიდოდი და იქ ვიმუშავებდიო. იცოდით, რომ ეკლესია „კაგებე“-ს კონტროლის ქვეშ იყო?

 

- დიახ, სულ მეუბნებოდნენ ამას, დამიწერია კიდეც, მაგრამ ბოლო წლებმა გადაგვავიწყა...

 

- მეორე მხრივ, რაც გიორგი კობახიძეს უთქვამს წარსულში, ძალიან ჰგავს გიორგი მამალაძის წერილში დაწერილს.

 

- პატრიარქმა ეს არ იცის?

 

- რთული საკითხია. მე გამოცდილი მაქვს, რას ნიშნავს ცრუ ინფორმაციის მიტანა უმაღლეს პირთან. როცა „ვარდების რევოლუციამდე“ ორი წლის განმავლობაში ედუარდ შევარდნაძეს რაღაცას ვეტყოდი, მეუბნებოდა, შენ იმას მეუბნები, რისიც გწამს, მაგრამ მინისტრები სულ სხვა რამეს მეუბნებიანო. შენ ხომ არ ხარ შინაგან საქმეთა მინისტრიო. ნუგზარ საჯაიას დაღუპვის შემდეგ ძალიან ძნელი გახდა ედუარდ შევარდნაძემდე სიმართლის მიტანა.

 

- სულ ამბობდნენ, რომ პატრიარქის მოწამვლას ბევრჯერ ცდილობდნენ.

 

- ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბობს, რომ ამას ამბობდნენ სწორედ პატრიარქის მოსატყუებლად - ზოგიერთებს მასთან ნდობა რომ მოეპოვებინათ და „ერთგულება“ დაემტკიცებინათ. ასეთი ქმედებები ცნობილია ისტორიაში და ახლაც არის. მაგალითად, ზურაბ ადეიშვილი გიგი უგულავას ერთი კვირის დავალებას აძლევდა. გიგი უგულავა ასრულებდა. შემდეგ ადეიშვილი, როგორც იუსტიციის მინისტრი და პროკურორი, საქმეს აღძრავდა გიგი უგულავას წინააღმდეგ. გავიხსენოთ, დავით უსუფაშვილი რომ ამბობდა, გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმე ჩვენამდე იყო აღძრულიო. გაოგნებულები იყვნენ, ზურაბ ადეიშვილის კაბინეტში სისხლის სამართლის საქმეების ტომები დახვდათ.

 

- ეკლესიასთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემებში მაღალჩინოსნების მონაწილეობაზე თუ გაქვთ ინფორმაცია? ალბათ, მიხეილ სააკაშვილის მაღალჩინოსნებზეც არის საუბარი...

 

- ყველა დროის ჩინოვნიკები არიან ჩართული. ფირმების სახელები არ მახსოვს, მაგრამ, როცა შამპანურების, საწვავისა და სხვა საქონლის შემოტანა ხდებოდა საპატრიარქოს ეგიდით 1990-იან წლებში, ამაზე იუმორითაც კი საუბრობდნენ, თუ ვინმე იყო თაღლითი, ყველამ ეკლესიას შეაფარა თავიო. თქვენ თქვით, რომ რაც ეკლესიასთან დაკავშირებით ახლა ხდება, ცუდია. მე ვამბობ, რომ ცუდია, როცა ეს რეალობაა, მაგრამ კარგია, როცა, ბოლოს და ბოლოს, ითქვა.

 

- ახლა თუ გაიგო პატრიარქმა ეს ამბავი?

 

- მიჭირს თქმა.

 

- მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით?

 

- მე არ ველოდები, რომ წმინდა სინოდი მტკიცე ნაბიჯებს გადადგამს, მაგრამ, იმედი მაქვს, ასე არ დარჩება, მაგრამ ჯერჯერობით გიორგი მამალაძემ დუმილი ამჯობინა.

 

- რატომ?

 

- არ ვიცი. იგი ეკლესიური ადამიანია, მღვდლებთან შეხვედრა ითხოვა. მთავარი ის არის, რომ ამ ამბის საზოგადოებისთვის მიწოდების საკითხში შეცდომა იქნა დაშვებული. ახლა ყველა გაჩუმებულია.

 

გაზეთი „ახალი თაობა“



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დონალდ ტრამპი ახალგაზრდობაში
ცხინვალი
მანქანის სავარძელში "ჩაკერებული" საზღვრის დამრღვევი

ინტერვიუ

ვალერი გელბახიანი: თუ არაფერი შეიცვალა რევოლუციისკენ წავალთ
გია ხუხაშვილი: ციანიდის საქმეზე ბევრი შეცდომა დაუშვა
ინტერვიუ ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან: „მამა გიორგი მამალაძე დუმილს დაარღვევს“
კორნელი კაკაჩია: სახელმწიფოს სურს, საპატრიარქოს საკითხი რაც შეიძლება მალე ამოწუროს...
ნანა დევდარიანი: აფხაზეთიდან რუსების გაყვანა შესაძლებელია
სერგო რატიანი: ირაკლი შოთაძემ პასუხი უნდა აგოს
პეტრე მამრაძე: ქართველი მეცნიერები ეკლესიასთან კონკორდატის დადებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ
იგორ კვესელავა: ვიღაც პატრიარქის ტახტისთვის იბრძვის და ამაში „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენლის ხელს ვხედავ
ნანა კაკაბაძე: დეკანოზ გიორგი მამალაძის თავდებით გათავისუფლების საკითხი დასვა პეტრემ და მას პასუხი ეპისკოპოსებმა გასცეს
გიორგი ახვლედიანი: ოპოზიცია გაერთიანებას არ ჩქარობს

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

184.73.66.157