ინტერვიუ

დიმიტრი ლორთქიფანიძე: უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება უნდა გართულდეს

პარლამენტის ყოფილი წევრი, „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე „ახალ თაობასთან~ აცხადებს, რომ უცხოელი მოქალაქეების მხრიდან საქართველოში მიწების შესყიდვის პროცესი კვლავაც გრძელდება, რასაც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და კონსტიტუციაში შესაბამისი მუხლის არარსებობა იწვევს.

 

- ბატონო დიმიტრი, ფილარმონიაში კონსტიტუციასთან დაკავშირებული ბოლო შეხვედრა ჩაიშალა. კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვები რა მთავარ პრობლემას აჩვენებს?

 

- პრობლემა საყოველთაო უნდობლობაა პოლიტიკური პროცესისა და იმ პოლიტიკური სისტემის მიმართ, რომელიც ქვეყანაში 20 წელია გაბატონებულია. მოქკავშირი, ნაცმოძრაობა, „ქართული ოცნება“ ერთსისტემური მმართველობაა სხვადასხვა სახელწოდებაში. ესენი არიან მონსტრი სახელისუფლებო პოლიტიკური ძალები, რომლებიც იქმნებიან კონკრეტული ნარატივით, კონკრეტული ფუნქციის შესასრულებლად. მათ ჰყავთ კონკრეტული დამკვეთი, დიდი ძალთა გაერთიანება დასავლელი პარტნიორების სახით. ამ სახელისუფლებო ძალებმა უნდა გაატარონ კონკრეტული დირექტივები, რაც არის სხვადასხვა მემორანდუმში, მითითებაში. საბოლოოდ ვიღებთ მოსახლეობის უკმაყოფილებას. ხელისუფლება მუდმივად გვპირდება ცვლილებებს, აცხადებს, რომ ის, რაც საკანონმდებლო დონეზე ვითარდება, კავშირშია დასავლური კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან.

 

- რატომ იშლება პროცესი?

 

- იმისათვის, რომ დასავლური დაკვეთით შექმნილი სახელისუფლებო მონსტრის არსებობა იყოს უზრუნველყოფილი და გარანტირებული, მუდმივად საჭიროა იმ ტიპის ცვლილებები, რომლებსაც ახლა ახორციელებს „ქართული ოცნება“ კონსტიტუციაში. მანამდე ცვლილებები განახორციელა ნაცმოძრაობამ.  2003-2010 წლებში ფუნდამენტური რეფორმა მოახდინა და 21 ცვლილება შეიტანა. კონსტიტუციის სრული რეფორმა ჩაატარა, საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადაგვიყვანა.

პრეზიდენტს შეუნარჩუნა ძალთა ბალანსის ფუნქცია. „ქართულმა ოცნებამ“ იმავე საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე დარჩენა ისურვა. თუმცა, 2010 წელს პრეზიდენტს ნომინალურად დატოვებული უფლებამოსილებებიც გააუქმა, პრეზიდენტის ინსტიტუტს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პრემიერ-მინისტრზე კონტროლის განხორციელების ყოველგვარი შესაძლებლობა მოუსპო.

 

- მმართველი გუნდი ამბობს, რომ ეს მეტი სტაბილურობისთვის კეთდება. კობახიძემ მაგალითი მოიყვანა და მართლაც ჩვენ ვხედავდით, როგორ ვერ თანხმდებოდნენ პრეზიდენტი და პრემიერი, თუ ვის უნდა მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებაზე...

 

- სტაბილურობაში გულისხმობენ იმ კომპრომისებს, რომლებიც ხელისუფლების მიტაცების პრინციპთან არის გაიგივებული. უნდათ, ამას გაგებით მოეკიდოს საზოგადოება...

 

- რას გულისხმობთ?

 

- ვგულისხმობ იმას, რომ საკონსტიტუციო კომისიას სახელმწიფო მმართველობის ფორმაზე საერთოდ არ უმსჯელია.

 

- სტაბილურობაში ვგულისხმობდი პრემიერ-პრეზიდენტის უფლებამოსილებებს შორის წონასწორობას...

 

- მაშინ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა უფლებამოსილებები ჰქონდა პრეზიდენტს და რა აღარ ექნება. მაგალითად, პრეზიდენტს უფლება ჰქონდა, უზენაეს სასამართლოში წარედგინა სამი მოსამართლეობის წევრობის კანდიდატი. სრულიად ნორმალურია, რომ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი წარადგენს უზენაეს სასამართლოში დასანიშნად სამ კანდიდატს. ამით უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას. როდესაც პრეზიდენტს სახალხოდ აღარ ირჩევენ და სამოსამართლო კანდიდატების წარდგენის უფლებას უსპობენ, ამით ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს ამცირებენ. პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს უუქმებენ, რომელიც მისი სათათბირო ორგანოა და ქვეყნისთვის სასიცოცხლო გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

 

- უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ უშიშროების საბჭო არასამთავრობო ორგანიზაციად იყო გადაქცეული და ვერ ასრულებდა იმ ფუნქციას, თანაც, არის კიდევ მეორე უსაფრთხოების საბჭო...

 

- უსაფრთხოების საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანოა. ლაპარაკია იმ ინსტიტუციურ ორგანოზე, რომელთან დათათბირების შემდეგაც პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ორი შესაძლო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ერთ შემთხვევაში ეხება _ საომარი, მეორე შემთხვევაში - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. უშიშროების საბჭო არასამთავრობო ორგანიზაციად გადაიქცაო, ამგვარ განცხადებას ხელისუფლებასთან ახლოს მყოფი ექსპერტები აკეთებენ.

 

- მე რომელსაც ვგულისხმობ, ის ექსპერტი ხელისუფლებასთან დაახლოებული არ არის...

 

- მარგველაშვილი რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მორჩილი პრეზიდენტი, ბუნებრივია, ამგვარი განცხადებები არ გაკეთდებოდა და უშიშროების საბჭოც იქნებოდა სრულიად დემოკრატიული ინსტიტუტი. ახალი კონსტიტუციით, უნდა შეიქმნას სამხედრო საბჭო, რომელიც იქნება პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში. თუ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, ამ სამხედრო საბჭომ უნდა შეატყობინოს პრემიერს, პრემიერმა წარდგენა უნდა გაუკეთოს პრეზიდენტს, პრეზიდენტმა უნდა გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა. ხვალ და ზეგ გასარჩევი რომ იყოს, პრეზიდენტმა რამდენად მართლზომიერად გამოაცხადა საომარი მდგომარეობა, ძაღლის თავი უნდა ვეძებოთ ყველგან. თუკი პრეზიდენტი დაიწყებს თავის მართლებას, რომ ეს მისი ბრალი კი არ იყო, არამედ პრემიერის წარდგენის შედეგი გახლდათ, პრემიერმა თავი უნდა იმართლოს, რომ ეს მისი კი არა, სამხედრო საბჭოს ბრალი იყო.

 

- პარლამენტმა ხომ უნდა დაამტკიცოს საომარი მდგომარეობის გამოცხადება?

 

- გასაგებია, მაგრამ მთავარია, ვინ აცხადებს საომარ მდგომარეობას. საომარ მდგომარეობას აცხადებს პრეზიდენტი, პრემიერის წარდგინებით, სამხედრო საბჭოზე დაყრდნობით. ჩვენ გვაქვს ძალიან სავალალო გამოცდილება აგვისტოს ომთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოაცხადა საომარი მდგომარეობა უშიშროების საბჭოზე დაყრდნობით იმგვარად, რომ (ტალიავინის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით გეუბნებით) პარლამენტს არ გაუუქმებია სამშვიდობო ძალებისთვის მანდატი, რასაც ტალიავინის კომისია ძალიან სერიოზულ შეცდომად გვითვლის. შეცდომა ძალიან მსუბუქი ნათქვამია. სისხლის სამართლის საქმე რომ აღიძრას და ხვალ და ზეგ სააკაშვილი დაიკითხოს (მჯერა, სააკაშვილი ამ საქმეზე აუცილებლად დაიკითხება), უნდა გაირკვეს ის მდგომარეობა, ვინ არის პასუხისმგებელი ამგვარ ვითარებაში, პრეზიდენტი და უშიშროების საბჭო ხომ არა, რომელზე დაყრდნობითაც სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება? წარმოიდგინეთ, 2008 წელს კონსტიტუციის ცვლილება ძალაში რომ ყოფილიყო შესული, სააკაშვილი გამოაცხადებდა საომარ მდგომარეობას ლადო გურგენიძის წარდგენის საფუძველზე, ხოლო ლადო გურგენიძე დაეყრდნობოდა ამ სამხედრო საბჭოს, რომელთანაც სააკაშვილს არავითარი შეხება არ ექნებოდა და პასუსისმგებლობასაც არ აიღებდა.

 

- ხალხის აღელვების მთავარი მიზეზი მიწის უცხოელებზე გაყიდვაა. `ახალ თაობას~ თქვენ მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ უცხოეთიდან ჩამოსულ ჯგუფებს ხვდებიან და ხელს უწყობენ ბინადრობასა და მიწისა შესყიდვაში. სააკაშვილის პირობებშიც და `ოცნების~ დროსაც გამოიკვეთა, რომ ქართული მიწები არ მუშავდება. თქვენ ამ სიტუაციიდან გამოსავლად რა მიგაჩნიათ?

 

- გამოსავალი ძალიან მარტივია. მიწა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტს უნდა ეკუთვნოდეს. არის პრევენციული ღონისძიებებიც, რომლებსაც ევროპის კონტინენტზე ყველა სახელმწიფო მიმართავს. ეს არის იმატრიკულაცია. იმატრიკულაცია არის საგანგებო აქტი, რომლის საფუძველზეც ნებისმიერი ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელიც თავს თვლის იმის შემძლედ, რომ აწარმოოს აგრარული ბიზნესი ან შექმნას ფერმერული მეურნეობა, მიწას სამუდამო საკუთრებაში, უვადოდ არავინ მისცემს. მიწას მისცემენ მხოლოდ და მხოლოდ გამოსაცდელი ვადით, რომელიც არის 10-20 წელი.

 

- სხვა გზაც შეიძლება გამონახოს, ელემენტარულად, უცხოელი შეირთავს ქართველ ცოლს და ცოლის სახელით შეისყიდის მიწებს...

 

- ამიტომ მთელი პაკეტია მოსამზადებელი საკანონმდებლო ბაზის გამოსასწორებლად. ეს არის, მაგალითად, მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონი. ძალიან უნდა გართულდეს საქართველოს მოქალაქეობის მიღება. ისე მარტივად, როგორც სააკაშვილმა 2012 წლის სექტემბერში მისცა მოქალაქეობა უცხოელებს, საქართველოს მოქალაქეობის მიღება არ უნდა ხდებოდეს.

მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ ერთი კალენდარული თვის განმავლობაში 2.227 კაცი შემოიყვანა მოქალაქეობაში. ეს პრეზიდენტის პასუხისმგებლობაზე, კანონის უუნარობასა და შეზღუდულ შესაძლებლობებზე მეტყველებს. ჩვენ ვლაპარაკობთ მიწაზე, როგორც პრიორიტეტზე და როგორც სამკვიდრო ქართულ ქონებაზე. მიწის მფლობელები არიან ჩვენი გარდაცვლილი წინაპრებიც და ჩვენი მომავალი თაობებიც, რომლებიც ჯერ არ დაბადებულან. ეს არის განსაკუთრებული ღირებულებითი კატეგორია, ამავე დროს, მილევადი, ამოწურვადი რესურსი, ჩვენი შთამომავლობის ერთადერთი საკვები ბაზაა, რომლის გასხვისება არ შეიძლება. უცხოტომელები ყიდულობენ მიწას და აყალიბებენ სათემო საკუთრებას. სათემო საკუთრებაში უკვე სახელმწიფოს უჭირს რეგულაცია. ამიტომ მიწის საკითხი ეროვნული ინტერესის სფეროშია და არა - პოლიტიკურში. მიწის უცხოელებზე გაყიდვის დაშვება ნიშნავს იმას, რომ რასაც ჩვენი წინაპრები სისხლითა და ოფლით ინახავდნენ, ჩვენ კანონმდებლობით გავცემთ.

 

- მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნებშიც ხომ არის შეზღუდვები?

 

- საქართველოში კანონისადმი დამოკიდებულება და ცოდნა სამართლის სფეროში ფართო მასებს არ გააჩნიათ, ამიტომ ჩვენ დაბრიყვებული სახელმწიფო ვართ. ჩვენგან ითხოვენ ისეთ რაღაცას, რასაც თავიანთ ქვეყნებში არ ახორციელებენ.

ჩვენ სხვა პრობლემებიც გვაქვს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება. რუსები პირდაპირ მოთხოვნას უყენებენ აფხაზებს, რომ მიწა გაყიდონ. აფხაზები კი მიწას არ ყიდიან. თუ ჩვენი კონსტიტუცია პირდაპირ დააფიქსირებს, რომ მიწის განკარგვა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების პრეროგატივაა, ეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეებისთვისაც ძალიან სერიოზული გზავნილია. 2010 წელს ამ საკითხზე პარლამენტში სრულიად მარტო ვიბრძოდი. 2017 წელს `დემოკრატიულმა მოძრაობამ~ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარვადგინეთ პროექტი, ვიბრძოლეთ როგორც სამუშაო ჯგუფებში, ასევე საყოველთაო-სახალხო განხილვებში, განსხვავებით ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისაგან, რომლებიც დღეს გულზე მჯიღს ირტყამენ მიწასთან დაკავშირებით.

 

- შარჟა-თბილისის რეისით კიდევ ჩამოდიან უცხოელები 35 ათას დოლარად მიწების შესასყიდად თუ რაიმე შეიცვალა?

 

- ახლახან დამიკავშირდნენ საგარეჯოდან და მითხრა, რომ საგარეჯოში ყოველდღიურად, მასობრივად ხდება სახლებისა და მიწის შესყიდვა, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. საგარეჯოს სოფლებში პირდაპირ სახლდებიან არაბები თავიანთი ოჯახებით. ბინადრობის უფლება იყიდება 35 ათას დოლარად. ბინადრობის უფლება სჭირდება ადამიანს, რომელიც მოდის სასწავლებლად, იღებს ბინადრობის უფლებას და სწავლობს.

 

- 35 ათასი დოლარი ოფიციალური თანხაა?

 

- 35 ათასი დოლარის ქონების შეძენა ბინადრობის უფლების მიღების საფუძველია. 35 ათასი დოლარის საფასურის უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში განიხილავენ ბინადრობის უფლების მიცემას. იძენს სახლ-კარს, მიწას, შემდგომ ინაცვლებს იმ სახნავ-სათეს ფართობზე, რომელსაც ფლობს ესა თუ ის ოჯახი. შესაბამისად, ხდება ტოტალური დაუფლება, შემდეგ იმ მიწების დაყოფა და ახალ-ახალი არაბების ჩამოსახლება.

 

 

გაზეთი "ახალი თაობა"



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა
მიხეილის მცირე ხიდი (არქ. ჯოვანი სკუდიერი) და სასტუმრო "გრანდ ოტელი". ტფილისი XIX ს.
თსუ-ს შენობა 1918 წელს

ინტერვიუ

ხვამლის მთაზე დინოზავრის ნაფეხური იპოვეს?
"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?
მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.80.157.133