ინტერვიუ

ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: როგორ გადაურჩა ბათუმი დაბომბვას

რატომ არ მიიწვიეს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან შეხვედრაზე, აპირებს თუ არა შეხვედრას პუტინთან, რატომ გრძნობდა მასთან დისკომფორტს მიხეილ სააკაშვილი, რატომ არ ისურვა მასთან თანამშრომლობა ბიძინა ივანიშვილმა, უნდა გადამდგარიყო თუ არა 2007 წლის 7 ნოემბერს? ამ თემებზე „ახალ თაობას“ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ესაუბრება.

 

- 2008 წლის წინ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, განაცხადა: მე ჩამოვედი აქ შეერთებული შტატებიდან ცალსახა, მარტივი გზავნილით. ჩვენ შეერთებულ შტატებში ვდგავართ თქვენ გვერდით, თქვენს გზაზე, უსაფრთხო, თავისუფალი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსკენ. ზუსტად იმავე გზავნილით ჩამოდის 8 წლის შემდეგ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი: ამერიკის პრეზიდენტმა მომავლინა მარტივი გზავნილით: ჩვენ თქვენთან ვართ. საინტერესო იქნება, თქვენ რა პარალელს გააკეთებდით? შეაფასეთ 2 ვიცე-პრეზიდენტი, მათი ერთი და იგივე გზავნილი და შედეგები

 

- 2008 წელსაც ზუსტად იგივე დანაპირები იყო, ოღონდ იმის შემდეგ ჩვენი ტერიტორიები კიდევ უფრო დაპატარავდა, ყოველდღიურად მავთულხლართები გადმოდის, ოღონდ ამაზე ამერიკის შეერთებულ შტატებს არანაირი ეფექტური და ქმედითი რეაქცია არ ჰქონია. როდესაც ჯო ბაიდენი ჩამოვიდა, განსხვავებით დღევანდელი ვიზიტისაგან, ბატონი ბაიდენი შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის იმ ოპოზიციასაც, რომელიც შეიძლება მის და ამერიკის მოსაზრებებს არ იზიარებდა. ახლა ეს ფორმატი, რომელიც გააკეთეს, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ამერიკას, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს.

რაც შეეხება დაპირებებს, ძალიან მწარედ გამეცინა, როდესაც ბატონი ვიცე-პრეზიდენტის მესიჯი მოვისმინე და წავიკითხე, რომ მხოლოდ დიალოგშია გამოსავალი და, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ძალიან რთულია ურთიერთობები, ყველა პრობლემა მხოლოდ დიალოგით შეიძლება მოგვარდეს. მე არ ვიცი ახლა, ტვინდახურულ ქართველებს იმ ნაწილს, რომელსაც ტვინი დაკეტილი აქვს და რუსეთთან დიალოგი წარმოუდგენელი ჰგონიათ, პენსის სიტყვები მაინც თუ გაუხსნის ტვინს. ყოველ შემთხვევაში, ვიცეპრეზიდენტმა ზუსტად იგივე თქვა, რასაც მე წლების განმავლობაში ვიმეორებდი.

გარდა ამისა, ჩვენ ძალიან საინტერესო ერთი მესიჯი მივიღეთ კიდევ, როდესაც ბატონ ვიცე-პრეზიდენტს „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტმა პირდაპირ ჰკითხა, რომ არის თუ არა ამერიკა მზად, დაიცვას საქართველო რუსეთის აგრესიისაგან, პენსმა საკმაოდ ხაზგასმით თქვა, რომ ამერიკა ერთგულია ნატოს წესდების მეხუთე მუხლის, სადაც წერია, რომ ამერიკა და ნატო იცავს იმ სახელმწიფოებს სამხედრო ძალით რამე ტიპის აგრესიისგან, რომლებიც არიან ნატოს წევრები.

 

- რაში დასჭირდა აშშ- ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი, თუ საქართველოს, განცხადებების გარდა, არ დაიცავს რუსული აგრესიისგან, არ დაგვეხმარება დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში, რა საჭიროა ასეთი ხმაურიანი ვიზიტები და იმედების გაჩენა, რომ გვეშველება?

 

- საქართველო აშშ-ისთვის არის საინტერესო, [თუმცა] მე ძალიან გამიკვირდა დავით უსუფაშვილის განცხადება, რომ ამერიკისთვის საქართველო იქნება მეორე. ნუ ვიტყუებთ თავს, საქართველო ამერიკისთვის მეორე კი არა, 22-ც ვერ იქნება იმ პრიორიტეტებში, რომლებიც აქვს შეერთებულ შტატებს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკისთვის საქართველო არ არის მნიშვნელოვანი. საქართველო არის რუსეთის მეზობელი ქვეყანა და აქ ამერიკის აქტიურობა და საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგოდ განწყობა ამერიკისთვის არის მნიშვნელოვანი.

მე არ ვიცი, ბატონი მაიკ პენსი მიეკუთვნება თუ არა იმ წრეებს, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენონ, მაგრამ ამერიკაში ნამდვილად არიან წრეები, მაგალითად, მაკეინი და ნეოკონსერვატორები, რომლებიც დღეს სიამოვნებით გააჩაღებდნენ ომს. არ არის გამორიცხული, დღეს რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში, ჩვენ უკვე ომის ალში ვყოფილიყავით გახვეული. ამერიკის ისტორიაში პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს, რუსეთთან ურთიერთობა დაალაგოს და მას ეს ძალიან ძვირად უჯდება. ძალიან ძვირად დაუჯდა ეს კენედის, ძალიან ძვირად დაუჯდა ეს ნიქსონს. ამერიკის გარკვეული წრეები საქართველოს მუდმივად რუსეთის გასაღიზიანებლად გამოიყენებენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი.

 

- რატომ არ იყავით მიწვეული მაიკ პენსთან შეხვედრაზე? კონკრეტულად ვინ არის წინააღმდეგი, რომ ასეთი მაღალი რანგის დელეგაციასთან შეხვედრაში თქვენც იყოთ ჩართული?

 

- მე განსაკუთრებულად ამით არ დავინტერესებულვარ. ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მე პირდაპირ მეუბნებოდნენ ელჩები, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან პირდაპირი მოთხოვნა იყო, არათუ მაღალი რანგის შეხვედრებზე არ დავეძახეთ, არამედ საელჩოების მიღებებზეც არ დავეპატიჟებინეთ. ხელისუფლების მხრიდან ასეთი ტიპის მიმართვამ საელჩოებისა და ელჩების შოკი გამოიწვია. ხელისუფლება ძალიან აქტიურად მუშაობდა, მაგალითად, ჩემი ელექტრონული ფოსტა დაბლოკა, თითქოს ჩემი ფოსტით წარმოუდგენელი შინაარსის მეილები იგზავნებოდა სხვადასხვა მისამართზე და მე საერთოდ ვერ ვიღებდი იმეილებს. სრულიად შემთხვევით დავაფიქსირე ეს და მაშინდელი ბულგარეთის ელჩიც შემთხვევით აღმოჩნდა ამ სკანდალში, როდესაც მისი იმეილიც დაბლოკეს და მისი სახელით აგზავნიდნენ მეილებს. მაშინ ეს ძალიან სერიოზული ფაქტი გახლდათ და ამაში, როგორც ჩანს, ამერიკის საელჩომ დიდი როლი ითამაშა. დღეს არ ვიცი, რა მოხდა, არ გამოვრიცხავ, რომ იგივე მეორდებოდეს ამ ხელისუფლების მხრიდან.

 

- თქვენ რომ ამ შეხვედრას დასწრებოდით, რა შეკითხვა გექნებოდათ მაიკ პენსის მიმართ?

 

- მე დავსვამდი შეკითხვას: აქვს თუ არა საქართველოს შანსი, იმ ტერიტორიებით, რომლებიც 1991 წელს არის გაეროს მიერ აღიარებული, საქართველოს საზღვრებში რუსეთის ორი ბაზით, მიგვიღონ ნატოში. ბევრი სხვა კითხვაც მექნებოდა, რომლებზეც პასუხი ძნელი გასაცემი იქნებოდა. ამიტომაც არ უნდა ხელისუფლებასა და ამერიკის საელჩოს, ვიყო ასეთი ტიპის შეხვედრებზე, რადგან მე ვლაპარაკობ იმას, რაც არის რეალობა და ალბათ გაუჭირდებოდა ბატონ მაიკ პენსს ჩემს შეკითხვაზე პასუხის გაცემა.

 

- საქართველოში ტარდება სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი 2017. რას უნდა ველოდოთ ამის შემდეგ? ამ წვრთნებთან დაკავშირებით უამრავი ვერსია მოვისმინეთ...

 

- გაფაციცებით ვადევნებდი თვალყურს ამ დღეებში რუსეთის საინფორმაციო საშუალებებს, ძალიან შეშფოთებული ვარ - საერთოდ არ არის რუსულ საინფორმაციო სივრცეებში ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ეს არ ნიშნავს არაფერს კარგს. მე ველოდები, რომ ჩვენ შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს რუსული სამხედრო ბაზის ცხვირწინ ამერიკული ტანკის სეირნობა. ძალიან სახიფათო თამაშია და მე ვსვამ ერთ კითხვას: დავანებოთ პოლიტიკასა და პოლიტიკოსებს თავი, ერთი წამით ვინმემ დაუშვა ის ალბათობა, რომ შეიძლება რომელიღაცა რუს ტანკისტს გადაუბრუნდა თავში რაღაცა, როდესაც 400 მეტრში დაინახა ამერიკული ტანკი, დაქოქა თავისი ტანკი და დააყენა ტრასაზე ან დაუპირისპირდა იქ მიმავალ ტანკებს. ვინმემ იფიქრა საერთოდ, რომ ასეთი ინციდენტი შეიძლებოდა მომხდარიყო?

ჩვენ რა, გვინდა, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს ჩვენს ტერიტორიაზე? ან რა გვინდა, რომ ამერიკამ საქართველოს გამო საქართველოში რუსეთს ომი დაუწყოს? და საქართველოსგან რა დარჩება მერე, ამაზე ვინმეს უფიქრია საერთოდ? აქ რომ ორი არმია შეეჯახოს, რუსული და ამერიკული, საქართველო ხომ აღიგვება პირისაგან მიწისა? რუსეთი და ამერიკა დარჩება. არცერთს შეეხება რამე და ამერიკას ხომ მით უმეტეს არაფერი შეეხება.

 

- რამდენიმე დღის წინ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ თქვენ აპირებთ, შეხვდეთ ვლადიმერ პუტინს. მართლა იგეგმება ასეთი შეხვედრა?

 

- ამ მომენტისთვის ნამდვილად არ მაქვს დაგეგმილი და, რომ შევხვდე, რა ვუთხრა? რატომ არ ელაპარაკება მას საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ მან სამჯერ თქვა, რომ მზად არის, საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებას შეხვდეს, რატომ არ იღებს საქართველოს ხელისუფლება ხმას, როდესაც საზღვარი გადმოდის ყოველდღიურად, რატომ მოხდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ 12%-მა მოსახლეობის მოგვცა ხმა და ბიძინა ივანიშვილმა სპეციალური ბრძანებით დაიყვანა 3%-მდე. ეს რუსეთშიც იციან, ამერიკაშიც, ეუთოშიც და ყველგან, კარგად გამოჩნდა, თუნდაც ოდირის დასკვნაში, მაგრამ რა ავუხსნა მე რუსეთის პრეზიდენტს, როცა დავიწყებ ლაპარაკს, ვთქვათ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, რომ 10-12%-ზე მეტმა ქართველმა მოსახლეობამ რატომ არ მისცა ხმა იმ ძალას, რომელიც ამბობდა, რომ რუსული სამხედრო ძალები უნდა გავიდეს საქართველოს ტერიტორიიდან, რომ საქართველო უბლოკო სტატუსის მატარებელი უნდა იყოს, რომლის მთავარი პრიორიტეტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაა, ან თუნდაც რატომ არ ამოიღო ხმა იმ 8%-მა, რომლის ხმებიც ჩამოგვაკლო ბიძინა ივანიშვილმა.

 

- თქვენ რუსეთის პრეზიდენტს არაერთხელ შეხვედრიხართ. მაშინ გქონდათ სათქმელი?

 

- მე მას ვხვდებოდი, როდესაც ვაპირებდი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, როდესაც იყო საპრეზიდენტო არჩევნები. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ მე მას აუცილებლად შევხვდები. დარწმუნებული ვარ ამაში, იმიტომ, რომ ამას აზრი ექნება. მაშინ იყო საპრეზიდენტო არჩევნები. პირველ ყოვლისა, მე ნამდვილად მჭირდებოდა ის, რომ მე მცოდნოდა. რისი დაპირება შემიძლია საქართველოს მოსახლეობისთვის. რისთვის არის რუსეთი მზად, რისთვის არის რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება მზად, რომ მე შესაბამისი დაპირებები გამეცა საქართველოს მოსახლეობისათვის და მე სწორედ ამ შეხვედრების მერე აბსოლუტურად დარწმუნებული ჩამოვედი მოსკოვიდან.

ვლადიმერ პუტინთან არაერთი საუბრის შემდეგ, როდესაც მე განვაცხადე, რომ არსებობს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შანსი, მან გააკეთა არაერთი განცხადება, რაც დიპლომატიურ ენაზე ნიშნავდა იმას, რომ ამ პრობლემის მოგვარების შანსი არსებობს, მაგრამ ეს არ გაიგონა არც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა და არც - პოლიტიკოსებმა. არათუ არ გაიგონეს, არამედ ყურები და მედიასაშუალებები დაიხშვეს, რომ ეს განცხადებები არ გაკეთებულიყო. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - როდესაც იქნება საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც სხვა რეალობა იქნება, მე, ბუნებრივია, ვლადიმერ პუტინს შევხვდები, მაგრამ დღეს ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ.

 

- პოლიტიკურ სპექტრშიც და საზოგადოებაშიც თქვენ მოგიაზრებენ, როგორც პრორუსულ ძალას, როგორც მოსკოვის დასაყრდენს საქართველოში. გიშლით თუ არა ეს იმიჯი ხელს პოლიტიკურ ბრძოლაში?

 

- ეს იმიჯი შექმნა მიხეილ სააკაშვილმა. მისთვის ეს იყო ერთადერთი გამოსავალი, რომ ბურჯანაძისთვის ხელი შეეშალა და ამ მიმართულებით ისტერია შექმნა ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილის ამ ხელისუფლებამაც ეს გააგრძელა. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მაწუხებს, რადგან მე თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ უფრო ქართულ ძალას, ვიდრე ვართ მე და ჩემი თანაგუნდელები.

ჩვენი ყველა განცხადება და ქმედება ამის დასტურია. არცერთ პოლიტიკოსსა და არცერთ ეგრეთ წოდებულ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას ხმა არ ამოუღია, როდესაც რუსებმა მამისონის უღელტეხილი დაიკავეს. ერთადერთი მე ვიყავი, რომელიც განცხადებებს ვაკეთებდი და მოვითხოვდი კატეგორიულად, რომ სასწრაფოდ გაეგზავნათ მესაზღვრეები მამისონზე, რომ არ დაგვეკარგა მამისონის უღელტეხილი, მაგრამ მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებამ პროვოკატორი და მატყუარა მეძახა, ოღონდ 2 თვეში აღმოჩნდა, რომ მამისონის უღელტეხილზე ოსური და რუსული დროშები ფრიალებდა.

ეს გადაყლაპა ქართველმა საზოგადოებამ, ხმა არ ამოუღიათ ამაზე, არავის გამოუძიებია ის, რასაც მე ყველაზე კატეგორიულად ვითხოვდი ყოველთვის. რატომ ჩააბარეს იარაღით გატენილი კოდორის ხეობა რუსებს ისე, რომ ერთი ტყვია არ გასროლილა და ვინ არის პროქართული და პრორუსული, მე თუ ის ხელისუფლება, რომელმაც კოდორის ხეობა უბრძოლველად და ერთი ტყვიის გასროლის გარეშე ჩააბარა რუსებს, ხეობა, რომელიც არასოდეს ყოფილა ვინმეს ხელში, გარდა საქართველოს ხელისუფლებისა?!

არავისთან ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ მე, ნინო ბურჯანაძე, ჩემი ქვეყნის ერთგული ვარ და თავის გაწირვამდე შემიძლია ვიბრძოლო ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად. ბევრი ადამიანია საქართველოში, რომლებსაც ჩემი და ჩემი თანაგუნდელების სჯერათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მინიმუმ ამომრჩევლის 12-15% ჩვენ გვყავს, თუმცა ეს არ არის საკმარისი რაოდენობა ამომრჩევლისა, რომ გარღვევა მოხდეს. მე მინდა, რომ ადამიანებმა ეს პრორუსული კლიშეთი კი არ დაინახონ, არამედ სინამდვილე, რაც დგას ჩემი წინადადების ირგვლივ, ის დაინახონ.

 

- თქვენ ორჯერ იყავით პარლამენტის თავმჯდომარე და ორჯერ - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. არავინ დავობს იმაზე, რომ ნინო ბურჯანაძე მაღალი რანგის პოლიტიკოსია. ძალიან ხშირად მსჯელობენ იმაზე, რომ თქვენ შეგეძლოთ ხელისუფლებაში მოსვლა, თუმცა დაუშვით შეცდომები, რის გამოც დაკარგეთ ხალხის ნდობა და მხარდაჭერა. თქვენ როგორ შეაფასებდით თქვენს შეცდომებს?

 

- ჯერ ერთი, როდესაც ლაპარაკობენ, ორგზის პრეზიდენტი იყო და რატომ არ შეცვალა რადიკალურად მოვლენებიო, ეს ძალიან სასაცილოა. როდესაც ადამიანს სთხოვ, რომ 45 დღეში რაღაც რადიკალურად შეცვალოს, ეს არაკომპეტენტურობაზე უფრო მეტია. ეს გულუბრყვილობაა.

მე ჩემი პრეზიდენტობის ორივე ვადის განმავლობაში შევასრულე ყველაზე მთავარი მისია, რაც შეიძლებოდა შემესრულებინა. ყველაფერი გავაკეთე ჩემი მხრიდან, რომ ქვეყანაში არასტაბილურობა არ ყოფილიყო და, სხვათა შორის, ჩემთვის ყველაზე დიდი შეფასება არის ის, რომ ჩემი პრეზიდენტობის მოვალეობის შემდეგ, 2008 წლის 7 იანვარს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ ილია II-მ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ სახალხოდ გადმომცა წმინდა ნიკოლოზის ხატი და ამ ხატის გადმოცემის დროს მან საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ ის მე ამ ხატს მჩუქნის იმ უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მე შევიტანე ქვეყნის სტაბილურობისა და გადარჩენისთვის.

უნდა გადავმდგარიყავი თუ არა 7 ნოემბერს? არ უნდა გადავმდგარიყავი იმიტომ, რომ მაშინ ქვეყანა შეიძლება სამოქალაქო ომამდე და სამოქალაქო დაპირისპირებამდე მისულიყო. მე დარწმუნებული ვარ, ეს რომ მომხდარიყო, ვინც დღეს მეძახის, რატომ არ გადადექიო, პირველი ის მესროდა ქვას, რატომ წამოხვედიო.

შეცდომები დავუშვი თუ არა? კი, დავუშვი. მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ შეუცდომელი ვარ. შეუცდომელი მხოლოდ ღმერთია. ადამიანები შეცდომებს უშვებენ და მით უმეტეს - პოლიტიკოსები, მაგრამ არცერთი ჩემი შეცდომა ქვეყნისთვის არ ყოფილა საზიანო. ჩემი შეცდომები, რომლებიც მე დავუშვი და უდავოდ დავუშვი, ყველა იყო ძალიან საზიანო პირადად ჩემთვის, ჩემი ოჯახის წევრებისა და ჩემი ახლობლებისთვის. არ დაგეთანხმებით იმაში, რომ მე მქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა. იცით, ეს რაღაც უცნაური მხარდაჭერა იყო, განსაკუთრებით 2003 წელს ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ხალხი ქუჩაში გაჰყვიროდა „მიშა-მიშას“.

მახსოვს, საარჩევნო კამპანიის დროს ხალხი მეუბნებოდა, „იცით რა, ქალბატონო ნინო, ჩვენ თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ, ძალიან გვინდა, რომ ხელისუფლებაში მოხვიდეთ, მაგრამ თქვენ არ ხართ საკმარისად მკაცრი, თქვენ ხართ მაინც უფრო ლმობიერი და თქვენ ყველას არ დაიჭერთ“, რაზეც მე ვპასუხობდი, რომ, რა თქმა უნდა, მე ყველას არ დავიჭერ, მე დავიჭერ, ვინც დასაჭერია, მაგრამ ხალხის მოთხოვნა მაშინ იყო სიმკაცრეზე, იყო ნგრევაზე, იყო ყველას დაჭერაზე, აგრესიაზე და დაუჭირეს სააკაშვილს მხარი.

აი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მათ ოჯახებს მიადგა, ეს აღარ მოეწონათ. როცა ამბობს ხალხი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერდით ნინო ბურჯანაძეს, მე მათ ვეტყვი - არა, ბატონებო, თქვენ მე არცერთხელ არ დამიჭირეთ ბოლომდე მხარი, თქვენ მე არასოდეს არ მომეცით ბოლომდე მანდატი, რომ რეალურად შემეცვალა ქვეყანაში ვითარება. საზოგადოება ჩემგან ყოველთვის ბევრს ითხოვდა, მაგრამ ბერკეტს არასოდეს მაძლევდა. სანამ მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე, ომი რომ არ იყო, ეს ცოტაა?

ბათუმი რომ დაბომბვას გადავარჩინე, ეს ცოტაა? 2007 წელს კანცელარიასთან ჩამოყვანილი ყვითელი ავტობუსებით ხალხი სამოქალაქო დაპირისპირებას გადავარჩინე და სისხლისღვრას თბილისი, ეს არაფერი არ არის? მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში და მსოფლიო რევოლუციებისა და არეულობების ისტორიებში ერთადერთი ადამიანი რომ ვარ, რომელმაც პარლამენტის კარი გავაღე, მომიტინგეები შემოვუშვი სახელმწიფო შენობაში და ამით ყველანაირი კანონი და ნორმა დავარღვიე, ოღონდ ადამიანები გადავარჩინე, ეს არაფერი არ არის?

მე გავაკეთე ის, რაც ჩემი მოვალეობა იყო, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. მე ვთვლი, რომ აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთე, რისი შესაძლებლობაც მე მქონდა. მე ჩემი თავიც და ჩემი ოჯახიც პრაქტიკულად სამსხვერპლოზე მივიტანე, 2008-შიც, სხვათა შორის, როდესაც ჩემი უფროსი შვილიც და ჩემი ქმარიც ფრონტის ხაზზე იყვნენ და ჩემი უმცროსი შვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც საქართველოს საზღვარი გარედან შიგნით გადმოლახა. აქედან რომ გარბოდნენ პოლიტიკოსები თავიანთი შვილებიანად და ცოლებს ისტერიკები ემართებოდათ, რიგში არ ჩაგვაყენოთო, ჩემი 14 წლის შვილი მაშინ ზაფხულის სკოლიდან ლონდონიდან გამოიქცა, ბაქოში ჩაფრინდა და ბაქოდან მანქანით ჩამოვიდა თბილისში, იმიტომ, რომ თბილისის აეროპორტი დაკეტილი იყო. ეს არაფერზე არ ლაპარაკობს?

ასე რომ, თუ ვინმეს უნდა, მე უარყოფითად დამინახოს და ჩემი ვალდებულებები შემახსენოს, მეც ვეტყვი, რომ ეს ყველაფერი თავადაც გაიხსენონ და დაიცვან სამართლიანობა, როცა ჩემი მისამართით შეფასებებს გააკეთებენ.

 

- მიხეილ სააკაშვილთან ერთად თქვენ იყავით ვარდების რევოლუციის ლიდერი, თუმცა მერე დაუპირისპირდით ერთმანეთს. თქვენ ასევე თავიდანვე გაემიჯნეთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობას, რომელსაც ასევე დიდი მხარდაჭერა ჰქონდა საზოგადოებისგან. რა პარალელს გაავლებთ ამ ორ ლიდერს შორის? ხშირად ამბობენ, რომ თქვენ ივანიშვილს თავს არ უყადრებთ, რადგან ის არ არის პოლიტიკოსი, რამაც ივანიშვილის გაღიზიანება თავიდანვე გამოიწვია. რას იტყვით?

 

- ჩვენი ქვეყანა ეწირება ამა თუ იმ მმართველის კომპლექსებს. სააკაშვილი ჩემთან ურთიერთობის დროს დისკომფორტს გრძნობდა. მე მახსოვს, ერთ-ერთმა მაშინდელმა ლიდერმა მითხრა, სააკაშვილი შენთან ვერ იგინება, მაგიდაზე ფეხებს ვერ აწყობს, თავისუფლად ვერ იქცევა და ამიტომ მას შენთან ურთიერთობაში აქვს დისკომფორტიო.

მას ჰქონდა დისკომფორტი არა მარტო ამ დეტალების გამო, არამედ იმის გამოც, რომ ჩემი სახით ძალიან ბევრი ადამიანი ხედავდა სააკაშვილის უკეთეს ალტერნატივას და ეს ყველა პოლიტიკოსისთვის საფრთხის მატარებელია. მიუხედავად იმისა, რომ მე არაერთგზის ჩემი ნაბიჯებით, მოქმედებითა და რჩევებით ვამტკიცებდი, რომ ჩემთვის მთავარი იყო სახელმწიფოს ინტერესი, რომ ჩემთვის მთავარი იყო, ხელისუფლებას შეცდომები არ დაეშვა, სააკაშვილმა ეს ბარიერი ვერ გადალახა და ამაში ხელს უწყობდნენ ბოკერია და ძმანი მისნი. რით დამთავრდა ეს ყველაფერი, ვნახეთ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მე საკმაოდ კარგ, კეთილშობილურ და კულტურულ ოჯახში ვარ აღზრდილი იმისთვის, რომ ვინმეს ზემოდან ვუყურო. ბიძინა ივანიშვილი, ბუნებრივია, არ არის პოლიტიკოსი და მას თავისებური კომპლექსები აქვს ამის გამო, მაგრამ, არა მგონია, ეს ყოფილიყო მიზეზი, რის გამოც მას არ სურს, ნინო ბურჯანაძე ჰყავდეს ხელისუფლებაში.

მე თავის დროზე ვაფრთხილებდი ედუარდ შევარდნაძეს, რომ შეიძლებოდა ქვეყანაში რეფორმები ნაკლებად მტკივნეულად განხორციელებულიყო, მაგრამ არ დამიჯერა, ასევე ვაფრთხილებდი სააკაშვილს, რომ მას ისევ თავისი გუნდი გაყიდდა და ეს დამღუპველი იქნებოდა მისთვის, მაგრამ არც მან დამიჯერა. არც ივანიშვილი აღმოჩნდა გამონაკლისი, რომელსაც ასევე არც მოსმენა სურს და საერთოდ ოპოზიცია არ სჭირდება. ამიტომ ისიც ისე დაასრულებს, როგორც მისმა წინამორბედებმა დაასრულეს.

 

 

გაზეთი „ახალი თაობა“

 

 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

ვახტანგ მაისაია: „ისლამურ სახელმწიფოში“ ქართველები ტაჯიკებმა ჩაანაცვლეს; სანამ თარხან ბათირაშვილი იყო ცოცხალი, საქართველოს ტერაქტის საფრთხე ნაკლებად ემუქრებოდა...
დავით დარჩიაშვილი: თუ მაჟორიტარებმა უმრავლესობა დატოვეს, ბიძინა ივანიშვილი მართლა წასულა პოლიტიკიდან
გია ხუხაშვილი: ხელისუფლებას უნდა, რომ უდუმაშვილი მეორე ადგილზე გავიდეს
გია დვალის "სივრცის დაკეცვის თეორია"-გახდება თუ არა შესაძლებელი ათასობით სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავებზე მოგზაურობა
მამუკა არეშიძე: ტერორისტები ავტოფურგონებზე იმიტომ გადავიდნენ, რომ უფრო იაფი უჯდებათ
მეგი გოცირიძე: ნეტავ სააკაშვილი დაიჭირონ!
გიორგი ვაშაძე: „ქართული ოცნება“ ჩიხშია და დათმობა მოუწევს
ხათუნა ლაგაზიძე: უბარიერო სისტემა პარლამენტს დიდ ქარვასლად აქცევს
სკანდალური სქემა ადამიანების გასანადგურებლად - «უგულავას კაბინეტში წყდებოდა ის შავ-ბნელი საქმეები, ვინ უნდა დაეპატიმრებინათ»
ჯემალ გამახარია: პუტინის სოხუმში ჩასვლამ აფხაზები დააშინა

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

54.81.192.192