ინტერვიუ

შალვა შავგულიძე: მაიკ პენსს „ციანიდის საქმეზეც“ მივაწოდე ინფორმაცია

პირველ აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა ოფიციალური ვიზიტი ოპოზიციის ოთხ ლიდერთან შეხვედრით დაიწყო. მაიკ პენსმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეხვედრა გამართა ნაციონალური მოძრაობის ლიდერ ნიკა მელიასთან, „ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელ დავით ბაქრაძესთან, „შენების მოძრაობის“ ლიდერ დავით უსუფაშვილთან და „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძესთან.

 

„ახალი თაობა“ შალვა შავგულიძესთან გთავაზობთ ინტერვიუს.

 

- ბატონო შალვა, ძალიან ბევრი ითქვა, თუ როგორ მოხდა ოპოზიციის ლიდერების შერჩევა ამერიკის ვიცეპრეზიდენტთან შეხვედრისთვის. თქვენგან მაინტერესებს, რეალურად როგორ მოხდა?

 

- გადაწყვეტილება ამერიკის მხარემ მიიღო, არ ვიცი, ვინ მიიღო კონკრეტულად. პირადად მე ამერიკის საელჩო დამიკავშირდა და მითხრეს, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან ოთხეულის ფორმატში მოხდებოდა შეხვედრა.

 

- რა ინფორმაცია მიაწოდეთ, რა აქცენტები გააკეთეთ და რამდენი ხანი გაგრძელდა შეხვედრა?

 

- ფორმატით გათვალისწინებული იყო ხუთ-ხუთი წუთი თითოეული ჩვენგანისთვის, თუმცა შეხვედრა ნახევარი საათი გაგრძელდა. მე მივიჩნიე საჭიროდ, რომ ეს მცირედი დრო მაქსიმალურად ეფექტურად გამომეყენებინა შიდაპრობლემურ საკითხებზე სასაუბროდ. ყურადღება იმ პრობლემებზე გავამახვილე, რომლებიც ხელს უშლის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას, რომელიც ასევე შეიძლება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი იყოს. აღვნიშნე, რომ ადგილი აქვს ძალაუფლების გაუმართლებლად ჭარბ კონცენტრაციას მმართველი პოლიტიკური ძალის ხელში, რაც საბოლოოდ გამოიხატა ინსტიტუციური მმართველობის ფაქტობრივ მოშლაში. მმართველი ძალა სრულ კონტროლს ახორციელებს ისეთ სახელმწიფო ინსტიტუციებზე, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს და მაგალითად მოვიყვანე სასამართლო ხელისუფლება, პროკურატურა, სამართლადამცავი სისტემა.

მე ვუთხარი ვიცე-პრეზიდენტს, რომ ქვეყანაში მმართველი ძალა აკონტროლებს ყველა ინსტიტუციას, იქვე დავამატე, რომ მის ხელშია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს კი, ცხადია, არღვევს სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისა და მოწყობის საფუძვლებს. ასევე ყურადღება გავამახვილე ხელისუფლების სწრაფვაზე, რომ მედია გააკონტროლოს, რისთვისაც იყენებს მის მიერ მართულ სასამართლოს ხელისუფლებას და ეს კარგად გამოჩნდა „რუსთავი-2“-ის მაგალითზე.

 

- კონკრეტულ სასამართლო საქმეებზე ისაუბრეთ?

 

- მე ვიცეპრეზიდენტს ვუთხარი, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს `ქართული ოცნების~ ხელისუფლება, საკუთარი გავლენა გაავრცელოს ისეთ ავტორიტეტულ ინსტიტუციაზე, როგორიც არის ეკლესია. ამის თქმის საფუძველს კი იძლევა ის გაუმართლებლად არაგამჭვირვალე სასამართლო პროცესი, რომელიც მამა გიორგის საქმეს ეხება.

 

- მაიკ პენსს ციანიდის საქმეზე მიაწოდეთ ინფორმაცია?

 

- დიახ, მე აღვნიშნე ეს საქმე, ვინაიდან ამ საქმის სასამართლო პროცესები გაუმართლებლად გაუმჭვირვალედ და დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. სამართლებრივად ეს იმდენად გაუმართლებელი და აუხსნელია, რომ საჭიროდ მივიჩნიე ამაზე საუბარი, თანაც ამ საქმეს თან სდევს პატრიარქის დაცვის სამსახურის სრული საკადრო ცვლილება. ამ საქმემ შეიძლება ძალიან სერიოზული დაპირისპირება გამოიწვიოს ეკლესიის შიგნით, ამიტომ მოვახდინე აქცენტირება ამ თემაზე. ეს ყოველივე აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ შემთხვევაშიც მართვადი სასამართლოს გამოყენებით, `ქართული ოცნება~ ცდილობს, თავისი გავლენა გაავრცელოს ეკლესიაზეც.

კიდევ ერთი, სახელმწიფოს სეკულარულობის ეჭვის ქვეშ დაყენებით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს, რაც შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ძირითად პრობლემად კი არაფორმალური მმართველობა დავასახელე. ესოდენ მაღალი ძალაუფლების კონცენტრაციას, რომელიც აქვს მმართველ პარტიას ქვეყანაში, ემატება ის გარემოება, რასაც ჰქვია სრულად დაქვემდებარება მისი ფაქტობრივი ლიდერის, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ნებისადმი. ბიძინა ივანიშვილს რომ ჰქონდეს თუნდაც პარტიულ-პოლიტიკური სტატუსი და შესაბამისი პასუხისმგებლობა, ესოდენ დიდ საშიშროებას არ შექმნიდა და ასე ძვირად არ დაუჯდებოდა ქვეყანას.

 

- საკონსტიტუციო ცვლილებებზე თუ იყო საუბარი?

 

- რა თქმა უნდა. საკონსტიტუციო რეფორმაც ძალაუფლების კიდევ უფრო მეტად კონცენტრაციაზეა მიმართული, რადგან ის ერთპიროვნულად არის განხორციელებული ნულოვანი კონსენსუსის პირობებში.

 

- ასეთი მაღალი თანამდებობის პირები, როდესაც ოპოზიციას ხვდებიან, ძირითადად ინფორმაციას იღებენ, მაგრამ, თუ იყო პენსის მხრიდან მინიშნება მაინც, რომ ამ საკითხებზე ხელისუფლებასთან ისაუბრებდა?

 

_ არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანია თავად ის ფაქტი, რომ ამერიკის ვიცეპრეზიდენტი ჯერ შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს და შემდეგ ოფიციალური შეხვედრები ხელისუფლებასთან გამართა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის მხარდაჭერა, ამერიკის მეგობრული დამოკიდებულება არის საქართველოს მიმართ, მე არ შემეშინდება ამ სიტყვის - ზრუნვა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მაიკ პენსმა ჯერ მოისმინა სწორედ ოპოზიციის კრიტიკული შეხედულება და შემდეგ _ ხელისუფლების. ეს არის საქმიანი და სწორი მიდგომა იმ ქვეყნისა, რომელსაც მართლაც სურს, დაეხმაროს მეორე ქვეყანას დემოკრატიულ განვითარებაში.

 

- თუ იყო რაიმე სახის მესიჯი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტისგან მოდიოდა?

 

- მან პირდაპირ აღნიშნა, რომ მეტად საყურადღებო, მეტად საჭირო იყო ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენგან მიიღო, აქვე აღნიშნა დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

 

- სხვა ლიდერებმა რაზე გაამახვილეს ყურადღება?

 

- სხვადასხვა აქცენტი იყო. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ნიკა მელიამ დააყენა მიხეილ სააკაშვილის საკითხი, ხაზი გაუსვა მის ბრძოლას კორუფციასთან როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში და სწორედ ამიტომ უპირისპირდებიან ოლიგარქიული რეჟიმებიო.

დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ექნება დიდი მნიშვნელობა ჩვენი დემოკრატიული განვითარების გზაზე.

დავით ბაქრაძემ ასევე შიდა დემოკრატიაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ `ევროპული საქართველო~ იქნება პრინციპული და კონსტრუქციული ოპოზიცია ყოველთვის და მიმართული ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.

რა თქმა უნდა, ყველას მხრიდან აღნიშნული იყო საგარეო საფრთხეების შესახებ, რომ `თბილისი მარიოტიდან~, სადაც ახლა ვსხედვართ, რამდენიმე კილომეტრში რუსეთის საოკუპაციო ჯარები დგანან.

ვიცე-პრეზიდენტმა გვითხრა, რომ საქართველო მათ ღირსეულ და სტრატეგიულ პარტნიორად მიაჩნიათ, მეგობარ ქვეყნად თვლიან და აპირებენ საქმიან დახმარებას, ურთიერთობის ამ რეჟიმში გაგრძელებას როგორც საგარეო ურთიერთობის დაცულობის თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნით დემოკრატიის განვითარების კუთხით.

 

- თუ იყო მინიშნება მაინც, რომ არაოფიციალურად შეიძლება, ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს?

 

- არა, ამგვარი არაფერი ყოფილა.

 

 

 

 

გაზეთი „ახალი თაობა“



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

ვახტანგ მაისაია: „ისლამურ სახელმწიფოში“ ქართველები ტაჯიკებმა ჩაანაცვლეს; სანამ თარხან ბათირაშვილი იყო ცოცხალი, საქართველოს ტერაქტის საფრთხე ნაკლებად ემუქრებოდა...
დავით დარჩიაშვილი: თუ მაჟორიტარებმა უმრავლესობა დატოვეს, ბიძინა ივანიშვილი მართლა წასულა პოლიტიკიდან
გია ხუხაშვილი: ხელისუფლებას უნდა, რომ უდუმაშვილი მეორე ადგილზე გავიდეს
გია დვალის "სივრცის დაკეცვის თეორია"-გახდება თუ არა შესაძლებელი ათასობით სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავებზე მოგზაურობა
მამუკა არეშიძე: ტერორისტები ავტოფურგონებზე იმიტომ გადავიდნენ, რომ უფრო იაფი უჯდებათ
მეგი გოცირიძე: ნეტავ სააკაშვილი დაიჭირონ!
გიორგი ვაშაძე: „ქართული ოცნება“ ჩიხშია და დათმობა მოუწევს
ხათუნა ლაგაზიძე: უბარიერო სისტემა პარლამენტს დიდ ქარვასლად აქცევს
სკანდალური სქემა ადამიანების გასანადგურებლად - «უგულავას კაბინეტში წყდებოდა ის შავ-ბნელი საქმეები, ვინ უნდა დაეპატიმრებინათ»
ჯემალ გამახარია: პუტინის სოხუმში ჩასვლამ აფხაზები დააშინა

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

54.81.192.192