ინტერვიუ

რამაზ საყვარელიძე: საქართველოზე ნებისმიერ ზეწოლას ამერიკა პასუხს გასცემს

რა შედეგებს მოუტანს ქვეყანას ამერიკის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი? უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთის მხრიან აგრესიულ ქმედებებს? ამერიკული ტექნიკის გამოჩენა შეიძლება იქცეს თუ არა რუსეთისთვის გამაღიზიანებელ ფაქტორად? რა გზავნილი გაუგზავნა მან ოკუპანტს? „ახალი თაობის“ ამ და სხვა კითხვებს ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს.

 

- ბატონო რამაზ, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან უკვე ისმის შეფასებები, რომ ამერიკული ტანკების გრუხუნი საოკუპაციო ხაზთან კარგს არაფერს მოგვიტანს. უნდა ველოდოთ რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქმედებებს?

 

- ლაპარაკი იმაზე, რომ ამ მოსალოდნელი რეაქციებზე საუბრის შიშით უკეთესი შედეგს მიიღებ, ცოტა გაზვიადებულია. მაგალითად, რუსეთის არგაღიზიანების მიზნით ხაზგასმით მუშაობს სომხეთი. პოსტსაბჭოთა სივრცეში სომხეთი რუსეთის ყველაზე მკაფიოდ გამოკვეთილი მეგობარია. ამ ფონზე როგორ ექცევა რუსეთი სომხეთს?! რუსეთმა გაზის ვალში წაიღო მთელი სომხური წარმოება, ახლა კი ერთობლივი სამხედრო სტრუქტურა იქმნება, რომელიც განთავსდება სომხეთში და რომელსაც მართავს რუსეთი. იქნება ზუსტად ისე, რაც გააკეთა რუსეთმა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით ანუ მის მიერ დაპყრობილ ქვეყნებთან.

 

- ამით რის თქმა გსურთ?

 

- იმის, რომ ის თავის მეგობარ ქვეყანას ექცევა, როგორც დაპყრობილ ქვეყანას, ართმევს ყოველგვარ სუვერენიტეტს. ვინც მოგვიწოდებს, რომ ვასიამოვნოთ რუსეთს, რისკენ მოგვიწოდებს? რომ მასობრივად გადავცეთ ეს სუვერენიტეტი რუსეთს?!

სომხეთის მაგალითი კარგად გვიჩვენებს, რომ რუსეთისთვის ანგარიშის გაწევით რუსეთი არ შეჩერდება. პირიქით, ბოლომდე მიიყვანს საქმეს და წაგართმევს ყველაფერს, რაც შეიძლება წაგართვას, ხოლო თუკი იმას არ გააკეთებ, რაც რუსეთს სურს, რისკი იმისა, რომ რუსეთი შეიძლება გაბრაზდეს, იზრდება, მაგრამ, მეორე მხრივ, შენს ხელთაც ჩნდება ის შესაძლებლობები, რითიც შეგიძლია, ელაპარაკო რუსეთს.

 

- კერძოდ?

 

- ან დაემუქრო მის ინტერესებს, რომ არ გავაკეთებ, რაც შენ გინდა, ან შესთავაზო ამ ინტერესების ფასად რაიმე სხვა. თუ შესათავაზებელი კარტი არ გექნება, მაშინ რაზე უნდა ეთამაშო?! ამიტომ, ამ მოდელის მომხრეები, რომ ნუ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც რუსეთს აწყენინებს, იმთავითვე წაგებულ საქართველოს გულისხმობენ და იმთავითვე დამღუპველია ეს პოლიტიკა საქართველოსთვის! მაგ პოლიტიკით ვიყავით, მაგ პარტნიორობით ვიყავით, როცა თავზე დაგვამხო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები.  ამ გამოცდილებას თუ გავიაზრებთ და კიდევ დავამატებთ მეორე გამოცდილებას, კერძოდ, ბალტიის ქვეყნების გამოცდილებას, რომლებმაც სიტყვიერი გაღიზიანებით, პოლიტიკური დაპირისპირების გარეშე აკეთეს ის საქმე, რაც მათ ინტერესებში იყო, შევიდნენ ევროპულ სტრუქტურებში და, მიუხედავად დაძაბული ფონისა, უსაფრთხოება აქვთ გარანტირებული, სწორედ იმ მაგალითის ანალოგიურად ვმოქმედებთ ჩვენ!

 

- ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ უფრო აქტიური პოლიტიკაა საჭირო? ან რამდენად გამოგვივა ამერიკელების დახმარებით რუსეთის შეშინება?

 

- რუსეთს მამაზეციერისაც არ ეშინია და დედამიწაზე ერთადერთი, ვისიც შეიძლება ეშინოდეს, სწორედ ამერიკაა. თუმცა არის კიდევ ერთი ქვეყანა, რომლის რუსეთს უფრო ეშინია, ვიდრე ამერიკისა და ჩვენ იმ ქვეყანასთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ესაა ჩინეთი. ასე რომ, ჩვენი ჩინეთთან ურთიერთობა შესაძლოა რუსეთის კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევდეს, ვიდრე ამერიკასთან ურთიერთობა.

რუსეთს ამერიკასთან არ აქვს ისეთი პრობლემები, როგორიც ჩინეთთან. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ რუსეთს ჩვენი ჩინეთთან ურთიერთობა უფრო აღიზიანებდეს და ამიტომ რა ვქნათ, არავისთან ურთიერთობა არ გვქონდეს?! ჩვენთან როდესაც პედალირებენ მხოლოდ ამერიკასთან ჩვენს ურთიერთობებზე და ივიწყებენ ჩინეთის ფაქტორს, ეს რუსული სცენარია!

 

- რას გულისხმობთ?

 

- ვგულისხმობ იმას, რომ ისინი გვთავაზობენ, ვიმოქმედოთ რუსული სცენარით. რუსეთი ხმას არ იღებს ჩინეთის არსებობაზე, ვითომ ეს ქვეყანა არ არსებობდეს. ისინი ამბობენ, რომ უნდა ვიბრძოლოთ ამერიკის წინააღმდეგ და საკუთარ ქვეყანაშიც ეს პროპაგანდა აქვთ. მოდით, ამ პროპაგანდას ასე ადვილად ნუ გავიზიარებთ.

 

- სალომე ზურაბიშვილმაც განაცხადა, რატომ გვიხარია, ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს დაძაბულობა რომ მატულობს და ამერიკული სამხედრო ტექნიკა რომ გამოჩნდა, ნათელი არ არის, ეს ყველაფერი რა მიზანს ემსახურებაო. თქვენი აზრით, რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს?

 

- მე არ ვამბობ იმას, რომ იმათ, ვინც ამ პოზიციას იკავებს, ნაკლებად უყვართ საქართველო, ვიდრე სხვას, ან ნაკლები პატრიოტები არიან, მაგრამ დაუკვირდნენ, რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა ხომ არ გამოსდით ასეთი საქციელით?!

ჩემთვის ქალბატონ სალომესთან დავა ყოვლად საპატიოა, მაგრამ მასთანაც ვიდავებ. თუკი რუსეთისთვის მიუღებელია ასეთი ბაზები ანუ სასწავლო ცენტრები, მაშინ რუსეთი თავის ამ პრეტენზიებს წამოაყენებს და მერე საქართველოს შეეძლება ლაპარაკი იმაზე, რომ თუკი თქვენი პრეტენზია ეს არის, რომ ჩვენ არ გვქონდეს ამერიკული ბაზები, მაშინ გვითხარით, საპასუხოდ რას გააკეთებთ?! არსად რუსეთი არ ამბობს, რომ თუ შენ მის პრეტენზიას დააკმაყოფილებ, ის შენს პრეტენზიას დააკმაყოფილებს თუ არა ანუ ის მარტო მინდას იძახის ან არ მინდას, ხოლო თვითონ სხვის მინდასა და არ მინდას როგორ მოექცევა, ამაზე არაფერს ამბობს. ამ პირობებში თამაშის წესები დაცული არ არის.

 

- 2008 წელსაც იყო დიდი ილუზია, რომ მხარს დაგვიჭერდა ამერიკა, მაგრამ მარტო დავრჩით რუსეთთან პირისპირო, აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. რით უპასუხებთ, შეიძლება იმ და ამ პერიოდის შედარება და პარალელების გავლება?

 

- არ შეიძლება და მარტივი მიზეზის გამო. იმ პერიოდში რუსეთი საომარ პროვოკაციებს აწყობდა, მაგრამ იმ საომარ პროვოკაციებს რომ არ აჰყოლოდა ქართული მხარე, არაფერი მოხდებოდა! რუსეთმა ანკესი ისროლა და თევზი თუ წამოეგება ამ ანკესს, ეს უკვე იმ თევზის პრობლემაა და არა - მეთევზის.

ახლა ანალოგიური ტენდენცია არც რუსულ მმართველობაში ჩანს და არც - ქართულ მმართველობაში, რომ გამწვავების შემთხვევაში ისინი ამ ანკესს წამოეგებიან. ამიტომ ლაპარაკი ანალოგიაზე აქ ზედმეტია. აქ არის კიდევ მთავარი ანალოგია. როდესაც დასავლეთმა აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა, მაშინ პუტინმა განაცხადა, რომ თქვენ თუ კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებთ, მე აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას ვაღიარებო და შეასრულა კიდეც. პუტინის ამ სცენარს იმ პერიოდში ხელი შეუწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ. მაშინ სხვა ხელისუფლება გვყავდა საქართველოში.

 

- ანუ დღეს ამ საფრთხეებს ვერ ხედავთ?

 

- დღეს ასეთი ამოცანები რუსეთს ჯერჯერობით არ უდგას. თუმცა ბევრი უცხოელი ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთი ამერიკული სანქციებით ისეა კედელთან მიყენებული, რომ შესაძლოა მან საომარი მოქმედება რომელიმე ქვეყანასთან დაიწყოს. ასეთი ქვეყანა, რაც რუსეთს ანგარიშს გაასწორებინებს დასავლეთთან, საქართველო არ არის. დღეს მისი სამიზნე ისეთი ქვეყანაა, რომლითაც შემდეგ ვაჭრობას შეძლებს დასავლეთთან. საქართველოთი კი ვერ ივაჭრებს, რადგან დასავლეთი საქართველოში იმ საფასურს არ გადაიხდის, რაც რუსეთს უნდა, კერძოდ, სანქციების მოხსნას.

დღეს რუსეთი ამ ბეწვის ხიდზე გადის, ზედმეტ მოძრაობას გააკეთებს თუ არა, სანქციები მის მიმართ გაძლიერდება. 2008-ში კი ასეთი სანქციები დამოკლეს მახვილი რუსეთის თავზე არ ეკიდა.

 

- მაიკ პენსმა ხმამაღალი განცხადებები გააკეთა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ამერიკა ყველას მკაცრ პასუხს გასცემს, ვინც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას ხელყოფს. მან მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. რა გზავნილი ამოიკითხეთ პენსის განცხადებებში და რა სახის მხარდაჭერაზე შეიძლება იყოს საუბარი?

 

- კარგია, როდესაც მან ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და გამოიყენა სიტყვა ოკუპანტი. პენსის ასეთი მკაფიო პოზიცია უკვე დიდი მხარდაჭერაა. ასევე დიდი მხარდაჭერაა ამერიკის კონგრესის განცხადებაში გამოვლენილი.

ამ მხარდაჭერების ციკლი არ გულისხმობს იმას, რომ რუსეთი დამნაშავე ბავშვივით შეტრიალდება და კუთხეში დადგება, თუმცა ეს მხარდაჭერა ნამდვილად გულისხმობს იმას, რომ ამერიკული მხარე მის ხელთ არსებული საშუალებებით, მათ შორის სანქციებით, შეეცდება, დაიცვას პარტნიორი ქვეყნების ინტერესები. ამიტომ უსვამენ ხაზს ისინი, რომ საქართველო ამერიკის პარტნიორია და ის მის მეგობარ ქვეყანას იცავს.

მაიკ პენსის თითოეული სიტყვა მუშაობს საქართველოს ინტერესებზე და, პრინციპში, აჩვენებს იმას, თუ რატომ გააერთიანა უკრაინისა და საქართველოს თემა კონგრესმა მის ცნობილ განცხადებაში. ისინი თავს ვალდებულად თვლიან, დაიცვან პარტნიორი ქვეყნების ინტერესები.

 

- საქართველოს მომავალი დასავლეთთან არის დაკავშირებულიო, აცხადებს პენსი. როგორ ფიქრობთ, გააქტიურდება საუბარი ნატოს გაფართოებაზე, ჩვენს ნატოში შესვლაზე, თუ ეს შორეული მომავლის ოცნებაა?

 

- შესაძლოა, შორეული ოცნება არ არის. ნატოს გაფართოებაზე სწორედ იმიტომ არ მიდიან ამერიკა და ზოგადად დასავლეთი, რომ იმ ქვეყნებს არ შეექმნეთ დამატებითი სირთულეები, რომლებსაც სურთ ნატოში შესვლა, ამ შემთხვევაში კი საქართველოს. რადგან ამ მიზეზით არ შეჰყავხარ ნატოში, ისინი მხოლოდ მადლობას იმსახურებენ ჩვენი მხრიდან, თუმცა, ნატოსთან მიახლოებული სტანდარტებით ის მაინც გიცავს პარტნიორობის ჭრილში, რასაც რეგულარულად და პრინციპულად აჟღერებს დასავლეთი, კერძოდ, ამერიკა, რომ შენ მისი პარტნიორი ხარ და ის შენს ინტერესებს დაიცავს.

 

- ეს მესიჯები ღიად ამოიკითხეთ?

 

- დღეს ამერიკა იღებს იმას თავის თავზე, რასაც ნატო იღებს თავის თავზე ხელშეკრულებით, რომ ის ვალდებულია, მისი პარტნიორი ქვეყნები დაიცვას. ახლა ამერიკა გვეუბნება, ვიღებ ჩემს თავზე ამ ვალდებულებას, რომ ჩემს პარტნიორ ქვეყნებს დავიცავ! ამიტომ პედალირება მაინცდამაინც ნატოზე საჭირო არ არის.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ტრამპის პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ, საკმაოდ მცირე ხანში, ტრამპმა დიდი ინიციატივა გამოავლინა, რომ შეხვედროდა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს. ასევე საკმაოდ მცირე ხანში ვიცეპრეზიდენტი გამოიგზავნა მწვავე წერტილებში, მათ შორის, საქართველოში. წარსულს თუ გადავხედავთ, ამ დროის მონაკვეთში ამ დონის ყურადღება არცერთ ადმინისტრაციას არ გამოუვლენია. ამ ყურადღებას კი ერთადერთი ფუნქცია აქვს _ მსოფლიოს აგრძნობინოს, რომ საქართველოზე მიყენებულ ნებისმიერ ზეწოლას ამერიკა პასუხს გასცემს და აღიქვამს, როგორც თავის პარტნიორზე ზეწოლას.

 

 

 

 

გაზეთი „ახალი თაობა“

 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა
მიხეილის მცირე ხიდი (არქ. ჯოვანი სკუდიერი) და სასტუმრო "გრანდ ოტელი". ტფილისი XIX ს.
თსუ-ს შენობა 1918 წელს

ინტერვიუ

ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: კატალონიის გამარჯვება ყველზე ცუდი სცენარია იმათგან, რომელიც შეიძლება ევროპას თავს დაატყდეს
ხვამლის მთაზე დინოზავრის ნაფეხური იპოვეს?
"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?
მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.226.172.30