ინტერვიუ

ჯემალ გამახარია: აფხაზეთში ჩვენთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, კერძოდ, აფხაზეთში ძალიან რთული და წინააღმდეგობრივი პროცესი მიმდინარეობს.

 

- ბატონო ჯემალ, მაშინ, როდესაც ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ნატოს, ამერიკისა და მასთან დაკავშირებული ქვეყნების წვრთნები მიმდინარეობს, ამერიკის ვიცეპრეზიდენტი სტუმრობს საქართველოს, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთშიც მიმდინარეობს რუსეთის ჯარის წვრთნები. კრემლი გარკვეულ ქმედებებს აგრძელებს, რაღაც ხელშეკრულებებს აწერს ხელს. რაც ყველაზე მთავარია, თვით სეპარატისტებს შეერყათ აზრი, რომ ისინი აშენებენ სახელმწიფოს. ეს მათ წერილებსა და საჯარო გამოსვლებში ჩანს. თქვენ როგორ აფასებთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასა და მათ განცხადებებს?

 

- უნდა დაგეთანხმოთ იმაში, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე (მაგალითად) აფხაზეთში ძალიან რთული და წინააღმდეგობრივი პროცესი მიმდინარეობს.

 

- რით გამოიხატება წინააღმდეგობრივი პროცესი?

 

- სეპარატისტებს ჰგონიათ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებენ, თუმცა, ძალიან კარგად ხედავენ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის პროცესი მიმდინარეობს.

 

- თუმცა, იმას გვერდს ვერ ავუვლით, რომ ბოლო დროს რუსეთის გამოისობით თუ ისე, ბუნებრივად, აფხაზებს ბევრი პრობლემები წარმოეშვათ., მაგალითად, იმავე სომხებთან, რომლებსაც სეპარატისტთა ძველი თუ ახალი ლიდერები ეთნორადიკალიზმს არქმევენ და მოსალოდნელ ეთნოკონფლიქტზე საუბრობენ...

 

- რუსეთს სურს, აფხაზეთში ჰყავდეს ძალიან მყარი დასაყრდენი. აფხაზეთის ანექსიაში აფხაზი რუსეთის მყარი დასაყრდენი ვერანაირად ვერ იქნება. ამიტომ მოძებნეს სხვა დასაყრდენი, სომეხი, რუსი მოსახლეობა, რომელიც უნდა დაუპირისპირონ აფხაზებს. რუსი და სომეხი მოსახლეობა ჯამში მეტია, ვიდრე აფხაზი მოსახლეობა. ქართველი მოსახლეობა ან უნდა განდევნონ იქიდან, ან მოახდინონ ასიმილაცია. თუ ისინი აფხაზებს დაუახლოვდებიან, აფხაზეთის ანექსია შეუძლებელი იქნება.

რუსი თავის პოლიტიკას ახორციელებს ვაიაფხაზი ხაჯიმბას ხელით, რათა ქართველებსა და აფხაზებს შორის შუღლი იყოს, რომ ქართველებმა მხარი არ დაუჭირონ აფხაზებს. დადგება დრო, როცა აფხაზები რუსების პირისპირ პირისპირ მარტო დარჩებიან. ბევრი აფხაზი ამას აცნობიერებს, ძალიან კარგად იცის, რა ხდება.

 

- ამიტომ წუხს სერგეი შამბა, რომ მათი `სახელმწიფო~ დაღუპვისა და გაქრობისკენ მიდის?

 

- თქვენ მხედველობაში გაქვთ სერგეი შამბას გამოსვლა „ამცახარას“ ყრილობაზე ივნისის ბოლოს, სადაც მან პირდაპირ განაცხადა, „ჩვენ ვდგავართ ჩვენი სახელმწიფოებრიობის კრახის ზღურბლზე, პერსპექტივაში ჩვენ მოგველის ჩვენი ეთნოსის დაღუპვაო“. ამის შესახებ ისინი სამზარეულოებში კი არ საუბრობენ, არამედ ყრილობებსა და ტელევიზიაში.

 

- მიუხედავად იმისა, ხვდებიან, რომ ვერ შექმნეს სახელმწიფო (სახელმწიფო ჯერ არ იყო შემდგარი და ქრება?), შამბა ქართველების მიმართ მაინც ძალიან დიდ აგრესიას გამოხატავს. სერგეი შამბა განაწყენებულია თურმე, რომ ქართველებს აფხაზურ პასპორტებს ურიგებენ და უცხოელ მოქალაქეებს უწოდებს...

 

- ქართველებს აფხაზეთში პასპორტებს არ ძლევენ, ბინადრობის უფლებას აძლევენ. აფხაზეთში მცხოვრები ქართველებიდან ბინადრობის უფლება ძალიან ცოტას აქვს აღებული. ქართველები მოითხოვენ ნამდვილ პასპორტებს ან რუსეთის მოქალაქეობას, ბოლოს და ბოლოს. ისინი არ თანხმდებიან ე.წ. ბინადრობის უფლებასა და უცხოელის სტატუსზე. სეპარატისტებს ე.წ. კანონი აქვთ მიღებული და გალის რაიონის მოსახლეობას უცხოელის სტატუსი მიანიჭეს. შამბა ამის ერთ-ერთი ინიციატორია, საქართველოს წინააღმდეგ ასეთი ანტიქართული განცხადებებით გამოდის, მაგრამ, ღრმად ვარ დარწმუნებული და უტყუარი ინფორმაცია მაქვს იმის შესახებ, რომ აფხაზეთში კარგა ხანია დაწყებულია ფასეულობათა გადაფასება,

 

- რა კუთხით?

 

- მაინცდამაინც დიდად მოდაში აღარ არის ქართველების ლანძღვა-გინება, როგორც ადრე იყო. განსაკუთრებით, როცა არაოფიციალური შეხვედრები და არაოფიციალური საუბრებია, ძირითადად აფხაზები რუსებს აგინებენ და არა - ქართველებს. ოფიციალურად, ტელევზიითა და პრესით, აუცილებლად უნდა იყოს რაღაც ანტიქართული ნათქვამი. სხვანაირად შეიძლება ცუდი დღე აყარონ რუსებმა.

 

- გასაგებია, მაგრამ...

 

- მეტსაც გეტყვით, 30 ივლისს გუდაუთის რაიონის სოფელ აჭანდარაში დიდი მუხის ქვეშ რაღაც წარმართული ღონისძიება ტარდებოდა, რომელსაც ხაჯიმბაც ესწრებოდა. იქ ქართველები დაწყევლეს. აფხაზურ ენაზე ამ ინფორმაციამ გაჟონა, მაგრამ რუსულ და სხვა ენებზე ამის შესახებ ინფორმაცია არ არის. შარშანწინდელი ვიდეომასალა ამის თაობაზე იუთუბზე შეგიძლიათ ნახოთ. ასე რომ, ანტიქართული გამოსვლები არის, მაგრამ შედარება არ არის წინა პერიოდთან. ყველა არაოფიციალურ შეხვედრაზე საუბარია არა ქართველებზე, არამედ რუსებზე და მიდის მათი ლანძღვა-გინება. ძალიან დიდი ანტიქართული განწყობაა აფხაზეთში.

26 ივლისს აფხაზეთის ე.წ. სახალხო კრებაზე მოახდინეს რატიფიკაცია სოჭში ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმებისა შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ. 9 დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა. ეს არის უნიკალური შემთხვევა. ორმა თავი შეიკავა, ერთმა მონაწილეობა არ მიიღო, ერთ-ერთი, ვინც მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში, იყო თავმჯდომარე ვალერი კვარჭია.

 

- მეგრელია?

 

- აფხაზია. თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა, ბატონ ვალერი კვარჭიას მოკითხვა გადავცე (თუ, რა თქმა უნდა, წაიკითხავს) და მისი ეს გადაწყვეტილება ვაჟკაცურ ნაბიჯად შევაფასო. მან კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო, თუმცა არის თავმჯდომარე და კრება მიჰყავდა. მას ძალიან კარგად ვიცნობ და, შესაძლებლობა რომ მქონდეს, დავურეკავდი და ვეტყოდი ჩემს შეფასებას, მაგრამ ახლა ამას თქვენი გაზეთის მეშვეობით გავაკეთებ.

 

- ამით რა ჩანს?

 

- ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, აფხაზური ელიტის წარმომადგენლები ღიად გამოდიან რუსეთთან კაბალური ხელშეკრულებების დადების წინააღმდეგ, რომელსაც აფხაზეთის ანექსიამდე მივყავართ. ამის შესახებ ისინი უკვე ღიად საუბრობენ. გამოქვეყნებულია ამ ადამიანების გამოსვლები, სადაც პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს არის ანექსია. ისეთი მარტივი სიტუაცია არ არის, როგორც ერთი შეხედვით ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს.

 

- ანუ აფხაზეთში ვითარება იცვლება?

 

- ვითარება ნამდვილად იცვლება. იმის იმედი არ მაქვს, რომ ხვალ ქართულ დროშებს ააფრიალებენ, მაგრამ, ვფიქრობ, ხელსაყრელი პირობები იქმნება იმისათვის, რომ ქართველები და აფხაზები ახლო მომავალში მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.

 

- კი მაგრამ, სერგეი შამბა, მაგალითად, აფხაზეთში შიგნით არსებულ პრობლემებს ეთნორადიკალიზმს აბრალებს. ქართველებს იმიტომ კი არ ვებრძოდით, რომ აფხაზებს ავიწროებდნენ, არამედ აფხაზური ინტელიგენციისთვის ამაზრზენი იყო ეთნორადიკალიზმიო

 

- სერგეი შამბას თქმით, აფხაზური ეთნოსის წინაშე მრავალი პრობლემა დგას, რომელიც ხელს უშლის აფხაზეთის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებასა და როგორც ერის შენარჩუნებას. მთელი რიგი პრობლემები აქვს ჩამოთვლილი (მე თუ მკითხავთ, სწორი ანალიზი აქვს გაკეთებული), ამბობს, რომ ეს არის აფხაზეთის სახელმწიფოს აშენება, სადაც შენარჩუნდება აფხაზური ეთნოსი, მისი კულტურა. ამავე დროს, ჰარმონიული ურთიერთობა ექნება სხვა ერების წარმომადგენლებთან, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ორი დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ - ერთია აფხაზი ხალხის ასიმილაციის, აფხაზური ენისა და კულტურის დაკარგვის პრობლემა და მეორე - ეთნორადიკალიზმის პრობლემა, რომელიც დაღუპავს აფხაზეთს.

 

-რა იგულისხმება ეთნორადიკალიზმში?

 

- როდესაც აფხაზი ხედავს, მას ჩამოჰკიდეს აბრა, რომ ის დამოუკიდებელია, მაგრამ, რეალურად, დამოუკიდებელი არ არის - ეკონომიკა არ მუშაობს, ახალგაზრდები საზოგადოებაში თავიანთ ადგილს ვერ პოულობენ, ყველაფერი მოშლილია, არაფერი მუშაობს, არანაირი პერსპექტივა არ ჩანს და კიდევ რუსეთი ახორციელებს ანექსიას. ამ ვითარებაში რუსეთი სომხებს ეყრდნობა. ეს წარმოშობს ეთნორადიკალიზმს. ასე ხსნის ბატონი შამბა ეთნორადიკალიზმს. აფხაზები უპირისპირდებიან რუსებს, სომხებსა და სხვა ეთნოსებს და ეს ჩვენ დაგვღუპავს, როგორც ქართველები დაღუპა ეთნორადიკალიზმმაო. ქართველები ეთნორადიკალიზმს არ დაუღუპავს. ჩვენთან ეთნორადიკალიზმი არ ყოფილა, მაგრამ მათ ასეთი შედარებები უყვართ.

 

- თავის დროზე აფხაზ საზოგადოებაში ეთნორადიკალიზმი არ არსებობდა, რამაც, რეალურად, მათ რადიკალური ქმედებებისკენ უბიძგა

 

- აფხაზ საზოგადოებაში მართლაც არსებობს ეთნორადიკალიზმი აფხაზთა მხრიდან, რომელიც სხვა ეთნოსების წინააღმდეგ არის მიმართული. სხვა ეთნოსებს ე.წ. აფხაზეთის დამოუკიდებლობა საერთოდ არ სჭირდებათ. ხვალ რომ რეფერენდუმი ჩაატარონ, ხმას რუსეთთან შეერთებას მისცემენ. ამით აფხაზეთის დამოუკიდებლობა დამთავრდება. ეს ვითარება ჩვენ კარგად უნდა გავითვალისწინოთ და აფხაზეთის მიმართ ამ ვითარების შესაბამისი პოლიტიკა უნდა შევიმუშაოთ. ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი მოსაზრებები და შემოდგომაზე წარვუდგენთ ჩვენს ხელისუფლებას.

 

- როგორი პოლიტიკა უნდა შევიმუშაოთ?

 

- ჩვენ გვჭირდება სრულიად ახალი პოლიტიკა, იმ ვითარების გათვალისწინებით, რომელიც აფხაზეთშია შექმნილი.

 

- რუსეთმა ხვალ ჯარი რომ გაიყვანოს აფხაზეთიდან და თქვას, მე მივდივარ და თქვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ხართო, მისი სახელმწიფოებრიობიდან რა დარჩება? მაგათი სახელმწიფო, რეალურად, ხომ რუსულ ძალაზეა დამოკიდებული?

 

- აფხაზეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანა ნიშნავს ე.წ. ხელოვნურად შექმნილი საზღვრების მოშლას, დაფინანსების შეწყვეტას და ა.შ. ადამიანები იბრძოდნენ, ეგონათ, ბედნიერებასა და დიდ წარმატებას მოუტანდნენ თავიანთ კუთხეს, მაგრამ სრულიად საპირისპირო მიიღეს. ეს ბევრს ესმის, ბევრს - არა.

 

- ამ პროცესების ფონზე როგორ აფასებთ ამერიკის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტს?

 

- საქართველოში ამერიკის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი და ის წვრთნები, რომლებიც მიმდინარეობს, არის ცალსახა დადასტურება იმისა, რომ აშშ და ევროპა მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენს გაწევრიანებას, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას, რუსეთის ჯარის გაყვანას აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

 

 

 

გაზეთი „ახალი თაობა“

 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა
მიხეილის მცირე ხიდი (არქ. ჯოვანი სკუდიერი) და სასტუმრო "გრანდ ოტელი". ტფილისი XIX ს.
თსუ-ს შენობა 1918 წელს

ინტერვიუ

ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: კატალონიის გამარჯვება ყველზე ცუდი სცენარია იმათგან, რომელიც შეიძლება ევროპას თავს დაატყდეს
ხვამლის მთაზე დინოზავრის ნაფეხური იპოვეს?
"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?
მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.226.172.30