ინტერვიუ

რამაზ საყვარელიძე: ორი არჩევანის ტაქტიკა, ან ნაციონალები, ან "ოცნება", აღარ იმუშავებს

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თბილისის მერის არჩევნებზე საუბრობს.

 

- ბატონო რამაზ, ოპოზიციური პარტიების ნაწილი შიდა პრაიმერის ჩატარების იდეით გამოდის, რომ ოპოზიციას თბილისის მერის არჩევნებში საერთო კანდიდატი ჰყავდეს. რამდენად შეძლებს ოპოზიცია საერთო კანდიდატზე შეთანხმებას?

 

- პირველი, ასეთი შეთანხმება ალბათ ძალიან გაუჭირდებათ, რადგან საერთო კანდიდატზე შეთანხმება უკვე დაგვიანებულია და მეორე, ასეთი გადათამაშება ყოველთვის არ არის შედეგის მომტანი.

 

- რატომ?

 

- რადგანაც ვიღაცა მხარს უჭერს ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მხარს არ უჭერს, მაგალითად, პატრიოტთა ალიანსს ან ევროპულ საქართველოს და პირიქით. ამიტომ ვამბობ, რომ ხშირად შეიძლება ასეთი ერთობა წამგებიანიც კი იყოს, მათი გაერთიანება გამოიწვევს ხმების დაკარგვასა და გაფანტვას. ეს სტრატეგია გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუკი ელექტორატს მკვეთრად აქვს გადაწყვეტილი მმართველი პარტიის მოშორება.

 

- როგორც ეს იყო 2012 წელს?

 

- დიახ, სწორედ ასეა, როდესაც ამომრჩეველს სხვა მოტივი არ გააჩნია, როდესაც ის მიდის საარჩევნო ურნასთან, მისი მოტივი მხოლოდ ერთადერთია, მოიშოროს მმართველი ძალა თავიდან. ეს ჩვენ კარგად ვნახეთ. დღეს მსგავსი პოლიტიკური სურათი ნამდვილად არ გვაქვს.

 

- გიორგი ვაშაძე ამბობს, პირველივე ტურში გაიმარჯვებს კალაძე, თუ გათითოკაცებული გავალთ და, თუ გავერთიანდებით, მეორე ტურის დიდი შანსია. ლოგიკური არ არის?

 

- ისე, უნდა ითქვას, რომ მართლაც რთული არჩევნები იქნება, რამდენადაც სიტუაციაა ცოტა უფრო რთული. წინა არჩევნებში მხოლოდ ორი ალტერნატივა იყო ნაციონალები და "ოცნება". ეს მოცემულობა სახელისუფლებო პარტიას, რასაკვირველია, პოზიციებს უმტკიცებდა. ამ პირობებში ამომრჩეველმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და ხელისუფლებამაც არხეინად მიუშვა პროცესი მეორე ტურამდე, რადგან კარგად იცოდა, რომ მეორე ტურში მას ბევრად მეტი ამომრჩეველი ეყოლებოდა, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას. გაიხსენეთ მაჟორიტარული არჩევნები, ლამის ყველგან მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტური ხელისუფლებისთვის უფრო შთამბეჭდავი გამარჯვების წინაპირობა იყო და არა დამარცხების, გაჭირვებით მოგების. ახლა მოცემულობა რადიკალურად არის შეცვლილი.

 

- თუ მეორე ტური იქნება, ვის და ვის შორის ელოდებით?

 

- მეორე ტური თუ იქნება, იქნება სახელისუფლებო კანდიდატსა და ალეკო ელისაშვილს შორის, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს შორის. დღეს, ის ამომრჩეველი, რომელიც კვლავ ორჭოფობს და გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ალეკო ელისაშვილის ამომრჩეველი გახდეს. ამდენად, ელისაშვილის ფიგურა არ იძლევა პოლარიზების, ორად გაყოფის შესაძლებლობას, მაგალითად, ნაციონალებისა და `ოცნების~. ხაზს ვუსვამ, ალეკო ელისაშვილის ფიგურა და არა სხვა კანდიდატები, რადგან ისინი არ აღიქმებიან, როგორც სხვა, თუ არა ნაციონალების კანდიდატები.

 

- ალეკო ელისაშვილმა აქცენტი სწორედ იმ ხალხზე უნდა გააკეთოს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ არჩევანი გაკეთებული?

 

- რა თქმა უნდა, რადგან ის არცერთი პარტიის კანდიდატი არ არის. გადაწყვეტილება კი არ აქვს მიღებული იმ ელექტორატს, რომელიც არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს. ელისაშვილი მუშაობს იმ ხმებზე, რომლებისთვისაც პარტია მიუღებელია, არცერთი პარტია არ არის პოპულარული. ეს კი თავისთავად ახალ პირობას უქმნის „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“. ამიტომ მე მეეჭვება, რომ „ქართული ოცნება“ იმავე სტრატეგიით შევიდეს ამ არჩევნებში. ამჟამად „ქართულ ოცნებას“ უფრო გამოკვეთილი ექნება ბრძოლის ჟინი და ამიტომ მეეჭვება, რომ მეორე ტურამდე მიიყვანოს საქმე. გადაწყვეტილება იქნება, ყველაფრის დამთავრება პირველივე ტურში.

 

- ორი არჩევანის ტაქტიკა, ან ნაციონალები, ან "ოცნება", უკვე აღარ იმუშავებს?

 

- არა, ვეღარ იმუშავებს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ახალი სტრატეგიის მოფიქრება მოუწევს „ქართულ ოცნებას“. თუმცა, ვნახოთ, როგორი იქნება საარჩევნო კამპანია. წესით, საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ ლამის ყოველ კვირა უნდა ჩატარდეს სოციოლოგიური კვლევები, რომ გაიგონ კანდიდატებმა, კამპანიის ესა თუ ის კომპონენტი როგორ მოქმედებს. თუკი აღმოჩნდა, რომ კამპანიის პროცესში „ქართული ოცნება“ არ მიიწევს წინ ისე ენერგიულად, როგორც ეს განზრახული იყო, მაშინ ბევრი რამის შეცვლა მოუწევთ და შესაძლებელია, ახალი სტრატეგიის მოფიქრება გახდეს საჭირო.

 

- მთავარი კონკურენტი კახა კალაძისთვის ალეკო ელისაშვილია თუ უდუმაშვილი?

 

- ამ კითხვაზე პასუხიც დიდწილად წინასაარჩევნო კამპანიაზეა დამოკიდებული, მაგრამ, ვინაიდან დიდი პროცენტია დარჩენილი, რომელიც არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, ამ ელექტორატისთვის არის შეთავაზებული სწორედ ალეკო ელისაშვილის კანდიდატურა. ამიტომ უფრო მეტად არის მოსალოდნელი, რომ ამ ორ კანდიდატს შორის იყოს ბრძოლა გამარჯვებისთვის. უდუმაშვილის მხარდამჭერების რიცხვის გაზრდა არ არის მოსალოდნელი, რადგან მას მხარს დაუჭერენ მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ მომხრეები.

რაც შეეხება კახა კალაძეს, აქვე უნდა ითქვას, რომ მას აქვს ბევრი ის უპირატესობა, რომლებიც ალეკო ელისაშვილს არ აქვს.

 

- კონკრეტულად?

 

- პირველი, კახა კალაძე არის სახელისუფლებო კანდიდატი. მართალია, საქართველოში პარტიები დიდად არ უყვართ, მაგრამ სახელისუფლებო პარტიას არჩევნებში თავისი უპირატესობა აქვს. არჩევნებს სჭირდება სტრუქტურა, ორგანიზებულობა, რაც შეუძლია პარტიამ გასწიოს ამ დროს. ასევე, კალაძე არის დამოუკიდებელი ფიგურა, თავისი რეიტინგი აქვს. ამდენად, კალაძეს აქვს ის ელემენტებიც, რაც ალეკო ელისაშვილს აქვს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებში ელისაშვილმა რომც არ გაიმარჯვოს, თუ მეორე ტური იქნება და ამ მეორე ტურში გავა ალეკო ელისაშვილი, ის მაინც გამარჯვებული იქნება.

 

- როგორ?

 

- ალეკო ელისაშვილის ძლიერ ფიგურად წარმოჩენა უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ის სამომავლო პოლიტიკური კარიერისთვის დაიწყებს მზადებას. ეს, თავისთავად, საკმაოდ საინტერესო იქნება.

 

 

 

 

 

გაზეთი "ახალი თაობა"



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე 20 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
«ნაძარცვიდან წილს ჯერ მიშას უხდიდა, მერე ზვიად ძიძიგური იშოვა მფარველად...“

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.80.132.10