ინტერნეტ დაიჯესტი

12 აგვისტო დიდგორის ძლევამოსილი გამარჯვების დღეა

ქართველთა ჯარის მიერ, დავით აღმაშენებლის სარდლობით თურქ-სელჩუკებზე ტრიუმფალური გამარჯვებიდან 896 წელი გავიდა.
იმდროინდელი საერთაშორისო ვითარება თურქ-სელჩუკებსა და საქართველოს სახელმწიფოს აშკარად უპირისპირებდა ერთმანეთს. ყველაფრიდან ცხადი იყო, რომ ეს ძლიერი წინააღმდეგობა დღეს თუ ხვალ იარაღით უნდა გადაწყვეტილიყო. მაგრამ საიმდღისო ამოცანად იგი საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ განდევნილ და შევიწროებულ თურქთა და ქალაქების - თბილისის, დმანისისა და განჯის თავკაცთა ელჩობამ აქცია. ამან დააჩქარა კოალიციური ლაშქრის შექმნა და დიდგორის ბრძოლაც. ყველა ძველი ისტორიკოსის (დავითის ისტორიკოსი, მათე ურჰაელი, ალ-ფარიკი) მოწმობით, დავითის მიერ აწიოკებულმა თურქმანებმა და აღნიშნული ქალაქების მმართველი ზედაფენის წარმომადგენლებმა მწუხარების ნიშნად შავად ხელპირშეღებილებმა, ტანსაცმელშემოფლეთილებმა და თავზე ნაცარდაყრილებმა გადაწყვიტეს „მათ ზედა მოწევნულნი ყოველნი ჭირნი“ მოეთხროთ და დახმარება ეძიათ ძლიერ მაჰმადიან მფლობელებს შორის. ეს ელჩობა, დავითის ისტორიკოსის ცნობების მიხედვით, 1121 წლის აპრილ-მაისში შემდგარა.

ვის მიმართეს დახმარებისათვის თურქებმა და ქალაქების წარმომადგენლებმა? ამ კითხვაზე საისტორიო წყაროებს სხვადასხვაგვარი ცნობები აქვთ დაცული; ასე მაგალითად, დავითის ისტორიკოსის ცნობით, „შეიწრებულნი თურქმანნი“ და მოქალაქეთა წარმომადგენლები „წარვიდეს სულტანს წინაშე და ყოველსა სპარსეთსა“, ე.ი. ისინი, უპირველესად, სულთანს ხლებიან, მაგრამ ამითაც არ დაკმაყოფილებულან და სხვა მაჰმადიანი მფლობელებისათვისაც მიუმართავთ. ისტორიკოსის განცხადება „წარვიდეს... ყოველსა სპარსეთსა“ სწორედ ამაზე მიუთითებს. სომეხი ისტორიკოსის მათე ურჰაელის მიხედვით კი, შავტანსაცმლიანი და თავდაუხურავი ელჩები „გაჰკიოდნენ თავიანთ სულთანთან ქალაქ განძაკში მელიქთან ტაფარის ძესთან და ტირილით ჩიოდნენ მის წინაშე თავიანთ დაღუპვას. ხოლო სხვები მივიდნენ არაბთა ოლქში, კარმიანის (კაბადოკიის) ქვეყანაში ამირა ხაზისთან არდუხის ძესთან და დიდი ტირილით უამბობდნენ მას... ხოლო მან თავისი ძლიერებისა და ზვიადობის გამო ბრძანა შეკრებილიყო თავისი ჯარების სიმრავლე“.

მათე ურჰაელის მიერ მოხსენიებული სულთანი მელიქი უნდა იყოს დავითის ისტორიკოსის მიერ კოალიციური ლაშქრის მონაწილედ მოხსენიებული და სულთნის ძედ მიჩნეული მელიქი. ასე რომ, მათეს ცნობით, თბილელთა და სხვათა წარმომადგენელთა ერთ ნაწილს, უწინარეს ყოვლისა, განძაში მყოფი მალიქისათვის მიუმართავს, ხოლო მეორე ნაწილს - ამირა ღაზისათვის, არდუხის ძისათვის. მათე ურჰაელის ღაზი არდუხის ძე იგივეა, რაც სხვა წყაროების ილღაზი არდუხის ძე.

განსხვავებულ ცნობას იძლევა აგრეთვე ალ-ფარიკიც, რომლის მიხედვითაც, „თბილისის ხალხი წავიდა ნაჯმ-ად-დინ-ილღაზთან და სთხოვა მას მოსულიყო და ჩაებარებინა ქალაქი“. ლაშქრობის მთავარ ინიციატორად ილღაზს მიიჩნევს გოტიეც. მართალია, ზემომოტანილ ცნობათა შორის ერთგვარი წინააღმდეგობაა, მაგრამ ეს ადვილად ასახსნელია და ამ ცნობათა ურთიერთ შეთანხმებაც მოსახერხებელია.

როგორც ირკვევა, უპირატესობა ამ შემთხვევაში ქართულ წყაროს, დავითის ისტორიკოსს, უნდა მიენიჭოს. ცხადია, უფრო სარწმუნოა, რომ თბილისისა და სხვა წარმომადგენლებს უშუალოდ სულთნისათვის მიემართათ, ვიდრე განძის მფლობელ მალიქის — ტაფარის ძისათვის, ან კიდევ ილღაზისათვის, რომელიც, მართალია, სახელგანთქმულ მეომრად იყო მიჩნეული, მაგრამ მაჰმადიან მფლობელებში ისეთი გავლენა ვერ ექნებოდა, როგორიც თვით სულთანს. ამას გარდა, სწორედ სულთანი შეიძლებოდა ყოფილიყო კოალიციური (გაერთიანებული) ლაშქრის შემდგენელი. მას ექნებოდა უფლება სხვადასხვა მაჰმადიან მფლობელთა მოწოდებისა და ერთი დროშის ქვეშ მათი თავმოყრისა.
ამრიგად, უდავოა, რომ თბილისის მოსახლეობის წარმომადგენლებმა დახმარება, უპირველეს ყოვლისა, სთხოვეს სულთანს, ერაყის სელჩუკიანთა იმდროინდელ გამგებელს მაჰმუდ მოჰამედის ძეს (1117-1131 წწ.). სწორეს ის იყო მაჰმადიანთა ლაშქრის საქართველოზე თავდასხმის ორგანიზატორი. ყურადსაღებია აგრეთვე დავითის ისტორიკოსისა და მათე ურჰაელის ცნობები, რომელთა მიხედვით, თბილისელთა წარმომადგენლები არ დაკმაყოფილებულან მხოლოდ სულთანთან მისვლით და სხვა მაჰმადიან მფლობელებთან „ყოველ სპარსეთსა“ თუ „არაბთა ოლქებში“ თვით უშუალოდ გაუმართავთ მოლაპარაკება.

ადვილი ასახსნელია ალ-ფარიკისა და გოტიეს მცირე უზუსტობაც, როცა ისინი ამ საქმის მთავარ ინიციატორად ილღაზს მიიჩნევენ; როგორც ჩანს, ალ-ფარიკიმ და გოტიემ თბილელთა ელჩობის შედეგად საქართველოსაკენ დაძრული კოალიციური ლაშქრობის სათავეში მყოფი ილღაზი ჩათვალეს იმ პიროვნებად, რომელსაც „თბილისის ხალხმა“ დიდგორის ბრძოლის წინ მიმართა თხოვნით.
სულთან მაჰმუდ მოჰამედის ძე მაშინვე გამოეხმაურა თბილისელთა თხოვნას და სასწრაფოდ დიდი ლაშქრის ორგანიზაციის თადარიგი დაიჭირა. მან მაჰმადიან მფლობელთა ერთ ნაწილს მოუწოდა, ხოლო მეორეთ უბრძანა: „ვინც კი სადმე იყო დამასკო და ალეპოდან მოკიდებული, ყველას, მოლაშქრეობის შემძლებელს“ მონაწილეობა მიეღოთ საქართველოს წინააღმდეგ ომში.

მოწინააღმდეგეთა ძალების შემადგენლობა და რაოდენობა

ვინ იყვნენ ისინი, რომელთაც სულთნის ამ მოწოდებითა თუ ბრძანებით კოალიციურ ლაშქარში თავი მოიყარეს? წყაროებს ამ მხრივაც დაცული აქვთ საინტერესო ცნობები. დავითის ისტორიკოსის მიხედვით, „სულტანმა მოუწოდა არაბეთისა მეფესა დურბეზს, სადაყის ძეს და მოსცა ძე თუისი მალიქი და ყოველი ძალი მისი, და აჩინა სპასალარად ელღაზი ძე არდუხისი... და უბრძანა... ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოველთა სომხეთისა ამირთა“ მონაწილეობა მიეღოთ ლაშქრობაში. ამრიგად, დავითის ისტორიკოსის ცნობით, სულთნის მოწოდებითა და ბრძანებით, საქართველოს წინააღმდეგ უნდა გაერთიანებულიყვნენ დურბეზ სადაყის ძე, სულთნის ძე მალიქი თავისი ძალით, ათაბაგი განძისა „მისითა ძალითა“ და სომხეთის ყველა მაჰმადიანი ამირა. გაერთიანებული ლაშქრის სარდლად კი სულთნის მიერ დანიშნული იყო ილღაზი ძე არდუხისი.
მათე ურჰაელის ცნობითაც, საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა მიიღო ილღაზი არდუხის ძემ, მისმა სიძემ არაბთა მეფემ საღა ტუპაისის ძემ და განძის სულთანმა მელიქმა ტაფარის ძემ. კოალიციური ლაშქრის მონაწილეთ ჩამოთვლის ალ-ფარიკიც. მისი სიტყვით, ილღაზთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ წამოვიდნენ: დუბეის სადაყას ძე, რომელსაც თან ახლდნენ ყადი ელმ-ად-დინი და მისი შვილი აბულ-ფათთხი, ქ. მარდინის მაშინდელი ყადი და ვეზირი თამამ-იბნ აბდუნი. აი, ასეთი შემადგენლობით მოსულან ისინი არზრუმში. სულთანი ტოღრული მოსულა განძას მხრიდან, ხოლო თუღან არსლან კუზიანი დვინიდან უნდა დაძრულიყო. ამ უკანასკნელს კოალიციის მონაწილედ ასახელებს ალ-ჯაუზიც.
ისტორიკოსი იბნ ალ-ასირიც, ილღაზისა და დუბეისის გარდა, დიდგორის ბრძოლის მონაწილეებად მიიჩნევს მელიქ თოღრულს მოჰამედის ძეს და მის ათაბაგს ქენ-თოღდის.
როგორც ჩანს, სულთან მაჰმუდ მოჰამედის ძეს დიდი სამზადისი ჩაუტარებია და საქართველოს წინააღმდეგ მოუწვევია მაშინდელი მახლობელი აღმოსავლეთის ცნობილი და გავლენიანი მფლობელები. გაერთიანებული ლაშქრობის მოთავეთა შემადგენლობა, ზემოგანხილული წყაროების ურთიერთ შეჯერების შემდეგ, ამგვარია:

ნეჯმ ად-დინ ილღაზი — სულთნის მიერ ბაღდადის გამგებლად დანიშნული, აუღებლად მიჩნეული ციხის – მარდინის მფლობელი, ალეპოს დამპყრობი, ხოლო 1121 წლიდან მაიაფარიკინის გამგებელი. ილღაზი, დავითის ისტორიკოსის დახასიათებით, იყო „კაცი დაჰმანი (მარჯვე) და მრავალღონე“, „ზვიადსა და ძლიერს“ უწოდებს მას მათე ურჰაელი; „უაღრესი ამპარტავნებით თავგასულად“ მიაჩნია იგი გოტიესაც. ილღაზმა, როგორც სარდალმა, დიდად გაითქვა სახელი ჯვაროსნების წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით 1119 წელს. ამიტომაც აირჩია იგი სულთანმა მაჰმუდმა გაერთიანებული ლაშქრის სპასალარად.

დურბეიზი (დუბეის სადაყას ძე) — ქალაქ ჰილას (მდ. ევფრატზე) პატრონი, დავითის ისტორიკოსისა და მათე ურჰაელის სიტყვით, „არაბეთის მეფე“. „ეს იყო, – წერს მათე ურჰაელი, – კაცი გულადი და მებრძოლი. მან დაატყვევა ქალაქი ბაღდადი და სამი ბრძოლა გადაიხადა სპარსთა სულთანთან – ტუფასთან... მან კარვით დაიბანაკა ეთიოპიასა და ინდოეთს შორის და მაშინ მოვიდა და დაესიძა სპარსთა ამირა ღაზის“. მართლაც, დიდგორის ბრძოლის ერთი წლით ადრე, დუბეისს ცოლად შეურთავს ილღაზის ასული გოჰარ ხათუნი; ალბათ, ამგვარი დამოყვრებაც იყო ერთი მიზეზი იმისა, რომ დუბეისი ილღაზის მოწოდებას მაშინვე გამოეხმაურა და აქტიური მონაწილეობაც მიიღო მისი სარდლობით მოწყობილ ბრძოლაში.

თოღრულ მოჰამედის ძე — ყაზვინის, ზენჯანის, გილანისა და სხვათა, ხოლო 1121-22 წლებში არანისა და განძის გამგებელი; სიცოცხლის ბოლო სამ წელს სულთანადაც იყო; იბნ ალ-ასირი მას მელიქ თოღრულ მოჰამედის ძედ იხსენიებს. სწორედ ეს მელიქ თოღრული უნდა იყოს დავითის ისტორიკოსის მიერ „სულთნის ძედ“ მიჩნეული მელიქი და მათე ურჰაელის მიერ ქალაქ განძაკში მყოფ სულთანად დასახელებული მელიქი ტაფარის ძე. დიდგორის ომის წინ ქალაქ განძას სწორედ მელიქ თოღრული ფლობდა. ამავე დროს ეს მელიქ თოღრული იყო მოჰამედის ძე, ე.ი. ძმა იმდროინდელი სულთნის — მაჰმუდისა. იქნებ დავითის ისტორიკოსის თხზულების თავდაპირვანდელ ხელნაწერში ასეც ეწერა: სულთანმა „მოსცა ძმა თავისი მალიქი“ და არა „ძე თავისი მალიქი“, როგორც ეს ამ თხზულების შემდეგდროინდელ გადანაწერებშია. თუ ეს ასეა, მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება — ძმა სულთნისა მალიქი სხვა არავინ შეიძლება იყოს, თუ არა მელიქ თოღრული.

სულთან მაჰმუდს ჰყავდა ძეც, მელიქშაჰად წოდებული, მაგრამ იგი ამ დროს დაბადებულიც არ იქნებოდა და, ცხადია, დავითის ისტორიკოსი მას ომის მონაწილეთა შორის ვერ დაასახელებდა. ამრიგად, ქართულ და სომხურ წყაროებში მოხსენიებული „სულთნის ძე მალიქი“, ან კიდევ, განძის სულთანი მელიქ ტაფარის ძე ნამდვილად არის არაბული წყაროების მელიქ თოღრული მოჰამედის ძე. აღსანიშნავია შემდეგი გარემოებაც: თოღრული დიდგორის ბრძოლის დროისათვის სულ თორმეტიოდე წლისა ყოფილა და, ცხადია, მისი პირადი მონაწილეობა ლაშქრობაში უფრო ფორმალური იქნებოდა. თოღრულის ლაშქარს ამ დროს სათავეში, ალბათ, მისივე ათაბაგი, ქენ-თოღდი ედგა, წყაროებში განძის ათაბაგად და ლაშქრობის მონაწილედ მოხსენიებული. ამიტომაცაა, რომ თოღრულის უშუალო მონაწილეობა დიდგორის ბრძოლაში ზოგ მკვლევარს საეჭვოდ ეჩვენება.

თუღან არსლან კუზიანი — თურქი ამირა, ბითლისისა და არზანის პატრონი და ქალაქ დვინის დამპყრობი.

განძის ათაბაგი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ შემთხვევაში უნდა იგულისხმებოდეს განძის იმდროინდელი მფლობელის თოღრულის ათაბაგი ქენ-თოღდი. განძის ათაბაგი არა მარტო თოღრულის ლაშქარს უძღვებოდა, არამედ მას ჰყავდა საკუთარიც. დავითის ისტორიკოსის ცნობით, სულთანმა მას უბრძანა „მისითა ძალითა“ გამოსვლა.
დავითის ისტორიკოსი შემთხვევით არ მოიხსენიებს ლაშქრობის მონაწილეთა შორის „ყოველთა სომხეთისა ამირათა“, ე.ი. სომხეთის ტერიტორიის წვრილ-წვრილ მაჰმადიან გამგებლებს, ამირებს, მათაც სულთნის ბრძანებით ლაშქრობაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ.
ზემოდასახელებულთა გარდა, კოალიციურ ლაშქრობაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ დუბეისთან ერთად ამ მიზნით არზრუმში (ერზერუმში) მოსულთა და დაბანაკებულთ: ყადს ელმ-ად-დინ-იბნ ჯაბრის, მის შვილს, ქ. მარდინის ყადს აბულ-ფათხის და ვეზირს აბუ-თამამ-იბნ-აბდუნას, მაგრამ ყადი და ვაზირი, ალ-ფარიკის ცნობით, არზრუმში წაკიდებულან, კოალიციურ ლაშქარს ჩამოსცილებიან და არზრუმშივე დარჩენილან.
ამრიგად, სულთანს მართლაც თავი მოუყრია ყველასათვის — „სადაც ვინ იყო... მხედრობად შემძლებელი“ და მის სათავეში ამდროისათვის სახელმოხვეჭილი და დიდი გამოცდილების მქონე, მრავალომგადახდილი სარდალი ილღაზი ჩაუყენებია. ილღაზი, ცხადია, სულთნის სახელით მოქმედებდა და ყველა ზემოხსენებული გავლენიანი მფლობელი თუ სარდალი, მისი დროშის ქვეშ გაერთიანებული, მის განკარგულებებსა და ბრძანებებს უნდა დამორჩილებოდა.


კოალიციური ლაშქრის რაოდენობა


დიდგორის ომში მონაწილეობის მისაღებად მოწოდებუღთა ვინაობის გარკვევის შემდეგ საჭიროა დაახლოებით მაინც განისაზღვროს მათ მიერ გამოყვანილი ლაშქრის რაოდენობა. ეს მეტად საინტერესო საკითხიც ისევ ძველი წყაროების მიხედვით უნდა გაირკვეს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ ძველ ისტორიკოსს არც აქვს საამისო ცნობა, ზოგი კიდევ გაზვიადებულ, დაუჯერებელ მონაცემებს იძლევა; ასე, რომ, ჩვენ ამ მხრივ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმის შესაძლებლობა გვექნება.
დავითის ისტორიკოსი არაფერს ამბობს არც მაჰმადიანთა გაერთიანებული ლაშქრისა და არც საქართველოს ჯარის რაოდენობის შესახებ, მაგრამ მისი ცნობიდან კარგად ჩანს, რომ საქართველოს წინააღმდეგ დიდძალი ლაშქარი დაძრულა; მისი სიტყვით, მტრის ლაშქარი „სიმრავლითა, ვითარცა ქვშაი ზღვსაი, რომელთა ვერ იტევდა ქუეყანაჲ“. მაჰმადიანთა „დიდი ლაშქრის თავმოყრის“ შესახებ წერს აგრეთვე ალ-ფარიკიც, თუმცა არც იგი მიუთითებს მის რაოდენობაზე.
კოალიციური ლაშქრის რაოდენობის შესახებ ცნობები მოეპოვებათ სომეხ ისტორიკოსებს, იბნ ალ-ასირსა და გოტიესაც.
მათე ურჰაელის სიტყვით, ილღაზმა „ბრძანა შეკრებილიყო თავისი ჯარების სიმრავლე, ყოველი ტომი თურქმანთა, ბერძენთა ქვეყნიდან ვიდრე აღმოსავლეთისაკენ ყოველი კარმიანი და ქმნა რიცხვი თავისი ჯარისა ასორმოცდაათი ათასი“. ასე რომ, მარტო ილღაზს, მათეს ცნობით, 150 000 მოლაქრე გამოუყვანია, მის მიერ მოწოდებულ „არაბთა მეფე“ დუბეისს ათი ათასი და მოკავშირენი 160 000-იანი ლაშრით განძაში დაბანაკებულან. იმავე ისტორიკოსის ცნობით, განძაშივე „მოვიდა სულთანი მელიქი (ე.ი. თოღრული მოჰამედის ძე) ოთხასი ათასი მხედრით, გულადი კაცებით. ისინი დაიძრნენ საშინელი სიმრავლით და შევიდნენ ქართველთა ქვეყანაში ქალაქ თბილისის მხარეს“. ამრიგად, თუ მათე ურჰაელს დავუჯერებთ, მაჰმადიან მფლობელთა გაერთიანებული ლაშქრის რიცხვს 560 000-ისათვის მიუღწევია. 
გოტიეს ცნობით, „ალეპოდან წამოსულმა ილღაზიმ შეკრიბა თურქმანებისა და არაბების ურიცხვი ჯარი, როდესაც მან ნახა შეკრებილთა სიმრავლე, უაღრესი ამპარტავნობით თავგასულმა გადაწყვიტა, ერთ ხორასნელ სულთანთან ერთად მოეწყო ლაშქრობა დავით მეფის წანააღმდეგ... სულთანი და თვით ილღაზი ექვსასი ათასი მეომრით სალაშქროდ შევიდნენ მეფის ქვეყანაში“. მათე ურჰაელისა და გოტიეს მონაცემებს შორის მაინცდამაინც დიდი განსხვავება არ არის – მათე 560 000 მოლაშქრეს ასახელებს, გოტიე კი 600 000-ს.
არ მოიპოვება სხვა ისტორიკოსთა ისეთი სანდო მონაცემები, რომლებიც კოალიციური ლაშქრის მონაწილეთა რაოდენობას დააზუსტებდა. იბნ ალ-ასირის თხზულების არაბულ დედანში მხოლოდ „ათასი“ წერია, მაგრამ რამდენი ათასი, აღნიშნული არ არის. ზოგი მცვლევარი იბნ ალ-ასირის ამ ნაკლულ ტექსტს, ალ-ჯაუზის მიხედვით, 30 000-ით აღადგენს, ზოგი კიდევ 300 000-ით. ასე, რომ იბნ-ალ-ასირის ცნობა ზემომოტანილ მასალათა საკონტროლოდ არ გამოდგება. 
ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, მტრის ჯარი 300 000 მეომრისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. 

საქართველოს ლაშქრის შემადგენლობა და რაოდენობა

სამწუხაროდ, არ არსებობს არავითარი ცნობა იმის შესახებ, თუ როგორ ემზადებოდა საქართველოს სამეფო ხელისუფლება ამ გადამწყვეტი ბრძოლისათვის, მაგრამ, ცხადია, მას არ გამოეპარებოდა სულთნისა და სხვა მაჰმადიან მფლობელთა მიერ მთელი 4-5 თვის მანძილზე გატარებული ღონისძიებანი. ამიტომაც იყო, რომ დავით აღმაშენებელი და მისი ლაშქარი სავსებით მზად იყო ბრძოლის მისაღებად.
გოტიეს სიტყვით, „მეფე დავით ოთხმოცი ათასი... მეომრით.... იდგა ერთ ხეობაში - ორს მთას შორის მდებარე დაბურულ ტყეში“. სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი, არა მარტო ლაშქრის რაოდენობის, თვით მისი შემადგენლობის შესახებაც ფრიად საინტერესო ცნობებს იძლევა. დავით მეფე, წერს მათე ურჰაელი, ბრძოლის ველზე „მივიდა თურქთა ჯარების წინააღმდეგ ორმოცი ათასი ძლიერი და გულადი კაცით და გამოცდილი მეომრით. მას ჰყავდა სხვა ჯარებიც ყივჩაღთა მეფისაგან, თხუთმეტი ათასი გულადი და რჩეული, ხოლო ალანთა ტომისაგან ხუთასი კაცი და ფრანგი ასი“. ასე, რომ დავით აღმაშენებლის ლაშქრის რაოდენობა, ამ ცნობის მიხედვით, 56 000-იც კი არ ყოფილა.
ყურადღებას იქცევს თვით ლაშქრის შედგენილობა; როგორც ჩანს, მეომართა ძირითადი ნაწილი მეფეს საკუთრივ ქართველებისაგან შეუდგენია: ორმოცი ათასი ძლიერი და გამოცდილი მოლაშქრე „სამეფო სპის“ ნაწილს შეადგენდა და ცხადია, საკუთრივ ქართველებისაგან იყო შედგენილი. მიუხედავად იმისა, რომ დავით აღმაშენებელს ყივჩაყთა 40 000-იანი მუდმივი ლაშქარი ჰყავდა, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში მას მხოლოდ 15 000 ყივჩაყი გამოუყვანია და ეს შემთხვევითი არ იყო. როგორც ჩანს, მეფე ძირითად საყრდენ ძალად ისევ „სამეფო სპას“, ქართველთა ლაშქარს თვლიდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთ გადამწყვეტ ბრძოლასთან ჰქონდა საქმე. თურქთა წინააღმდეგ მართლაც მხოლოდ რჩეული, უკვე ყოველმხრივ მისანდობ ყივჩაყთა გამოყვანა თუ შეიძლებოდა.
საქართველოს ლაშქრის მესამე ნაწილს „როქის სპას“, ალანთაგან (ოსთაგან) დაქირავებული ჯარი შეადგენდა. შემთხვევითი არ იყო ხუთასი ოსი მოლაშქრის დაქირავება და საამისოდ თანხის გაღება მაშინ, როცა მეფეს რეზერვში ოცდახუთი ათასი მუდმივი მოლაშქრე ყივჩაყი ჰყავდა. ესეც, ცხადია, დავითის სათანადო ტაქტკური გეგმის მიხედვით იყო გაკეთებული და გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა.
გარკვეული მიზნით იყვნენ შეყვანილნი ქართველთა ლაშქარში, თუმცა არც ისე დიდი რაოდენობით, „ფრანგებიც“. მათე ურჰაელი ამ ომში ასი „ფრანგის“ მონაწილეობის შესახებ წერს, გოტიე კი ორას „ფრანგს“ ასახელებს. როგორც ჩანს, „ფრანგები“ მართლაც მონაწილეობდნენ ამ ომში. „ფრანგებს“ ქართველები მაშინ და შემდეგაც, დიდი ხნის მანძილზე, საერთოდ „ევროპელებს“ ეძახდნენ. ასე, რომ ეს ფრანგები იმ ევროპელ ჯვაროსანთა წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც ამ დროს მახლობელ აღმოსავლეთში ბრძოლები ჰქონდათ თურქ-სელჩუკებთან. ევროპელ რაინდებს, „ფრანგებს“ დიდი გამოცდილება ჰქონდათ ამ მხრივ და მათი მონაწილეობა ქართველთა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, ცხადია, სასარგებლო იქნებოდა. ამასთანავე, მათი მონაწილეობა დიდგორის ომში იმ ურთიერთობითაც იყო გამოწვეული, რაც ამ დროსაც ჯვაროსნებსა და ქრისტიანულ საქართველოს შორის არსებობდა. თუკი ადრე ჯვაროსნების წარმატებები თურქ-სელჩუკებთან ბრძოლაში ხელს უმართავდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, ამჟამად უკვე გაძლიერებული საქართველოს შეტევით ომებს საერთო მტრის წინააღმდეგ დიდი მნიშვნელიაბა ჰქონდა ჯვაროსნებისათვის. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველოს სამეფოს სამზადისი თურქებთან გადამწყვეტი ბრძოლისათვის ჯვაროსნებს მხედველობიდან არ გამორჩენოდათ და მასში ერთგვარი მონაწილეობაც მიეღოთ.
როგორც ვხედავთ, დავით აღმაშენებლის მიერ ყველაფერი წინასწარ იყო მოფიქრებული და გაკეთებული გამარჯვების უზრუნველსაყოფად. დავითის ისტორიკოსის სიტყვით, ომის წინ „მეფემან დავით, უშიშარმან და ყოვლად უძრავმან გულითა... წინა განაწყო სპა მისი. ყოველი საქმე შვენიერად და ღონიერად იყო, რაბამ რამე უშფოთველად და გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო“. მსოფლიოს „ბრძენთა ენა ვერ შემძლებელ არს მოთხრობად ზედმიწევნით ყოველსავე“, რაც იმ დროს მეფემ გააკეთაო - წერდა დავითის ისტორიკოსი.


მოწინააღმდეგეთა განლაგება ბრძოლის წინ

თურქ-სელჩუკთა ლაშქრის განლაგება: 1121 წლის 10 აგვისტოსათვის თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის ძირითად ძალებს თრიალეთ-მანგლის-დიდგორის მიდამოები, მისი ყველა ძირითადი გზა და მისადგომი ჰქონდათ დაკავებული.
კოალიციური ლაშქრის ნაწილმა, როგორც ირკვევა, მანგლისსა და დიდგორში დაიბანაკა, მეორე ნაწილმა კი დიდგორის კალთებიდან შემოსულმა, დიღმის ხეობა დაიკავა. მტრის ჯარით გაივსო როგორც ქვემო, ისე ზემო დიდგორი, რომელთაც დავითის ისტორიკოსი ერთ გეოგრაფიულ პუნქტად მოიხსენიებს, ოღონდ მრავლობითი რიცხვით – „დიდგორნი“. დიდგორის ველი შესაყრელ პუნქტად მტერმა შემთხვევით არ შეარჩია — აქეთკენ მოემართებოდა არაერთი გზა და გადასასვლელი. კლდეკარი, საიდანაც ერთი გზა დიდგორისაკენაც მოდიოდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადასასვლელი იყო ქართლისაკენ მიმავალი დამპყრობლისათვის, დიდგორიდან მტერს გზა ეხსნებოდა თბილისისაკენ; ზოგი ძველი ისტორიკოსის მიხედვით, მტრის ლაშქრის დიდგორთან შეკრება – თბილისის კართან შეკრებას ნიშნავდა. ამას გარდა, აქედან მათ შეეძლოთ, მცხეთის შემოვლით გასვლა შიდა ქართლში და დავითის ლაშქრის გარემოცვა. გამარჯვების შემთხვევაში ისინი თბილისისაკენ აიღებდნენ გეზს, რომლის ხელში ჩაგდებაც მათ ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენდა და სადამდეც აქედან მხოლოდ ნახევარი დღის სავალი იყო.

ქართული ლაშქრის განლაგება

საქართველოს სამეფოს ლაშქარი დავით აღმაშენებლის მეთაურობით დიდგორის ველს ნიჩბისის საკმაოდ გაშლილი ხევით მიუახლოვდა. სწორედ ნიჩბისის ხევს მიჰყვება გზა დიდგორ-მანგლისისაკენ. ეს ხეობა უნდა ჰქონდეთ მხედველობაში მათე ურჰაელსადა გოტიეს, როცა ისინი ქართველთა ლაშქრის ორ მთას შორის დაბანაკებისა და აქ გამართული ბრძოლის შესახებ მოგვითხრობენ. გოტიეს მიხედვით, დავითის ლაშქარი დაბანაკებული იყო „ორ მთას შორის მდებარე დაბურულ ტყეში, რომლის მიმართულებითაც მტერი აპირებდა შეტევას“. როგორც ალ-ფარიკის ცნობიდან ირკვევა, საქართველოს ლაშქრის ერთი ნაწილი დავითის მემკვიდრის, დემეტრეს, სარდლობით ერთ ამ მთათაგანს აფარებდა თავს და იქიდან აპირებდა მოულოდნელ თავდასხმას. პირველი ბრძოლა ძირითად ნაწილს უნდა მიეღო, აქ კი თვით დავითი იდგა. მას, ალ-ფარიკის სიტყვით, დასავლეთიდან უნდა შეეტია. ამრიგად, ყველაფერი მზად იყო გადამწყვეტი ბრძოლისათვის.


ქართული ჯარის სამზადისი ბრძოლისათვის

გოტიეს მოწმობით, დავით აღმაშენებელმა ბრძოლის დაწყების წინ მოწოდების სიტყვით მიმართა თავის ლაშქარს. მას თვით ამ სიტყვის ტექსტიც აქვს მოტანილი თავის ქრონიკებში. ამ ფაქტის რეალურობის შემოწმება შეუძლებელია, თუმცა ბევრ მკვლევარს გოტიეს ამ ცნობის სისწორეში ეჭვი არ ეპარება, ხოლო ზოგიერთ მათგანს დავითის ამ სიტყვის გოტიესეული ტექსტი ქართული მჭერმეტყველების ნიმუშების კრებულშიც კი აქვს შეტანილი.
"ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ჩვენ ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ."
ამ სიტყვაში, რომელიც ძირითადად მოწოდებაა მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ ქრისტიანთა თავდადებული ბრძოლისაკენ, ისტორიკოსებისათვის ბევრი რამ არის ღირსშესანიშნავი. აქედან ჩანს, რომ დავითის ლაშქარი დაბანაკებულა ხეობაში, რომლის ვიწრო შესასვლელიც ხეთა ხორაგებით შეუკრავთ. ამით მეფეს თავისი ლაშქრისათვის უკანდახევის ეს ერთადერთი შესაძლებლობაც მოუსპია. როგორც ჩანს, დავითს თავის ლაშქარში ჯერ კიდევ ეგულებოდნენ ისეთები, რომელთათვისაც მხოლოდ „ღვთის სიყვარული“ თავდადებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდებოდა. უცხო ტომის (ყივჩაყების) მოლაშქრეებს კი არც ქვეყნის, საქართველოს, აღაფრთოვანებდათ მაინცდამაინც თავდადებისათვის. სწორედ ამიტომ სჭირდებოდა დავით აღმაშენებელს თავისი მებრძოლებისათვის უკანდასახევი გზის წინასწარ მოჭრა. მართლაც, ამგვარი ღონისძიების შემდეგ მეომრებს ან უნდა გაემარჯვათ, ანდა მტრისათვის ზურგშეუქცეველი სიკვდილით დაემტკიცებინათ თავიანთი თავდადება ღვთისა და მეფისათვის.
ამავე დროს, ეს ღონისძიება მეფის ლაშქრის ზურგსაც უვნებელყოფდა. ჯებირები მნიშვნელოვნად შეაფერხებდა ამ მხრიდან მტრის მხედრობის მოსალოდნელ იერიშებს. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ხის ხორაგებისა და ჯებირების გაკეთებას საკმაო დრო, მრავალრიცხოვანი მუშახელი და მასალა დასჭირდებოდა.

ბრძოლა


საისტორიო წყაროებში დიდგორის ბრძოლის დაწყების დღე და რიცხვი სხვადასხვანაირადაა წარმოდგენილი. ასე, მაგალითად, დავითის ისტორიკოსის თხზულების XV და XVIII საუკუნეების გადანაწერებში 18 აგვისტოა დასახელებული, ხოლო XVII საუკუნისა და XVIII საუკუნის ზოგ გადანაწერში — 12 აგვისტო. აღსანიშნავია, რომ დავითის ისტორიკოსის ძველ სომხურ თარგმანში, რომელიც მკვლევართა აზრით, XII საუკუნეშივეა შესრულებული, აგრეთვე 12 აგვისტოა მითითებული. როგორც ჩანს, დავითის ისტორიკოსის თხზულების თავდაპირველ ხელნაწერში სწორედ 12 აგვისტო ყოფილა. ამ მოსაზრებას ამყარებს მათე ურჰაელის მონაცემებიც. იგი არა მარტო თვესა და რიცხვს, ბრძოლის დღესაც კი ასახელებს, რაც წყაროთა მონაცემების დაზუსტების საშუალებას იძლევა. ურჰაელის თხზულების ერთი (1869 წლის) გამოცემის მიხედვით, ბრძოლა მომხდარა 1121 წლის 15 აგვისტოს, „ღვთისმშობლის მარხვის ხუთშაბათს დღეს“, მეორე, 1898 წლის გამოცემის მიხედვით კი — 13 აგვისტოს, ხუთშაბათს. როგორც ჩანს, მათე ურჰაელის თხზულებასაც დავითის ისტორიკოსის თხზულების ბედი გაუზიარებია, მის შემდეგდროინდელ გადამწერებს რიცხვები აურევიათ, რადგან ხუთშაბათი დღე არ ყოფილა 1121 წლის არც 15-სა და არც 13 აგვისტოს. ხუთშა



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა
მიხეილის მცირე ხიდი (არქ. ჯოვანი სკუდიერი) და სასტუმრო "გრანდ ოტელი". ტფილისი XIX ს.
თსუ-ს შენობა 1918 წელს

ინტერვიუ

ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: კატალონიის გამარჯვება ყველზე ცუდი სცენარია იმათგან, რომელიც შეიძლება ევროპას თავს დაატყდეს
ხვამლის მთაზე დინოზავრის ნაფეხური იპოვეს?
"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?
მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.226.172.30