ინტერვიუ

მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება

NSP.GE

თბილისის ქვეშ მეორე ქალაქი არსებობს, რომლის მშენებლობა მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო. 1941 წელს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა გამოსცა საიდუმლო ბრძანება, რომლის თანახმად, მთავრობის ევაკუაციის მიზნით უნდა აშენებულიყო საიდუმლო ბუნკერები, ხელმძღვანელი გახლდათ ლავრენტი ბერია. გვირაბებმა დროთა განმავლობაში სამოქალაქო თავდაცვის ფუნქცია შეიძინა. დღეისთვის, თბილისში არსებული ბუნკერების უმეტესობა განადგურებულია. საუბრობენ იმაზეც, რომ სტალინისა და ლავრენტი ბერიას ინიციატივით აშენებული გვირაბი ატომური ბომბის დარტყმასაც კი უძლებს, ადგილმდებარეობა, რასაკვირველია, ცნობილი არ არის. ქალაქის მიწისქვეშა ნაწილი ბურუსითმოცულია, შესაბამისად, ბევრი ადამიანი ცდილობს, რომ გამოიკვლიოს და ნახოს ასეთი ადგილები, მათ დიგერებს უწოდებენ. აღნიშნულ თემაზე „დოქტრინა“ ესაუბრა დიგერ ლუკა ჯაფარიძეს.

-უპირველ ყოვლისა, მოგვიყევით თქვენ შესახებ, რამდენი ხანია, რაც მიწისქვეშა ნაწილს იკვლევთ? რა არის მიზანი?

-მოღვაწეობა დაახლოებით 4 წლის წინ დავიწყეთ.  დაგვაკავშირა ერთ-ერთმა ინტერნეტფორუმმა. ჩვენი ჯგუფი ამჟამად ოთხი ადამიანისგან შედგება და ჯერჯერობით არ ვფიქრობთ ჯგუფის გაფართოებაზე. შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ, საქართველოს საზღვრებსაც გავცდეთ და გამოვიკვლიოთ სხვა ქვეყნების მიწისქვეშა ადგილები. მაგალითისთვის, ბოლოს სომხეთში ვიყავით, ერევნის დაუსრულებელ მეტროსადგურ ,,აჯაპნიაკს” ვესტუმრეთ და გადასარბენი გვირაბები გამოვიკვლიეთ.

-როგორც ვიცით, მეოცე საუკუნის 30-ანი წლებიდან დაიწყო გვირაბების მშენებლობა. რა დანიშნულება ჰქონდა მათ? ცნობილია, რომ იყენებდნენ სამოქალაქო თავდაცვისათვის, საჰაერო დაბომბვისგან თავდასაცავად და ა.შ. დღეს თუ აქვს შენარჩუნებული აღნიშნული ფუნქცია?

-ჩვენი მონაცემებით, თბილისში პირველი თავშესაფარი აშენდა 1932 წელს. იგი არის ერთ-ერთი სკოლის ქვეშ, თუმცა იმის პირობები, რომ იქ თავი შეაფარონ, არ არის. ასევე გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში დაახლოებით 480 თავშესაფარია და მხოლოდ ორია მზად, რომ მიიღოს მოსახლეობის ნაწილი ომიანობის პერიოდში. თავშესაფრების უმეტესი ნაწილი განადგურდა ან საწყობებად იქცა.

-ვიცით, რომ ობიექტების მდებარეობა არ ხმაურდება, თუმცა რამდენიმე ადგილი ცნობილია საზოგადოებისთვის. გვიამბეთ მათ შესახებ.

-მაგალითად, რუსთაველის მეტროს გვერდით არსებული თავშესაფარი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი თბილისში. როგორც წესი, სწორედ აქედან იწყებენ „საქმიანობას“ ახალგაზრდა დიგერები. ყველაზე საინტერესოა ის, რომ ობიექტი არის დერეფნული სისტემის და არ აქვს ბევრი ოთახი. თავშესაფარს წლების მანძილზე ძარცვავდნენ, რაღაც ნაწილი მოსახლეობამ მიისაკუთრა და სათავსოებად გადააკეთეს.

-რომელმა ობიექტმა მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება და რატომ? რომელ ექსპედიციას გამოარჩევდით?

-რთულია, ასე გამოარჩიო რომელიმე ობიექტი, რადგან, როდესაც აღმოაჩენ რომელიმე თავშესაფარს და იწყებ მის კვლევას, ყოველთვის რაღაც განსხვავებული გხვდება, თუმცა, ჩემი სუბიექტური აზრით, ერთადერთი ობიექტი, რომელიც ყველა სხვა დანარჩენისგან განსხვავდება კონსტრუქციით, ოთახების რაოდენობითა და ფუნქციით, არის მარჯვენა სანაპიროზე არსებული თავშესაფარი. იგი კლდეშია გაყვანილი. 100-მდე ოთახია, მისი მთავარი ფუნქცია კი იყო საომარი ვითარებების დროს მაღალჩინოსნების შეფარება. აღჭურვილი იყო საიდუმლო მასალების ოთახით და შესვლისას გაიცემოდა საშვები, სადაც პირდაპირ იყო აღნიშნული თუ რომელი ოთახების ნახვა შეეძლო ამა თუ იმ პიროვნებას.

-საინტერესოა, რა სარგებლობის მომტანი შეიძლება იყოს ეს სფერო საზოგადოებისთვის?

-ამ სფეროს შეუძლია დიდი სარგებლობის მოტანა როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ბევრ ქვეყანაში (მაგალითად, რუსეთში, სადაც ძალიან განვითარებულია დიგერობა) არაერთი დიგერი აიყვანეს უშიშროების სამსახურებმა თავიანთ დაქვემდებარებაში და მათ იყენებენ ანტიტერორისტული ოპერაციების დროს. ასევე, ამ სფეროს შეუძლია შესთავაზოს ტურისტებს ურბანული ტურიზმი, რომელიც ევროპის არაერთ ქვეყანაშია განვითარებული. შესაძლებელია ობიექტების გადაკეთება მუზეუმებად, სასტუმროებად, კაზინოებად და ისეთ ადგილებად, საიდანაც სახელმწიფოს გარკვეული შემოსავალი ექნება, ხოლო საზოგადოების ნაწილი ისარგებლებს ამა თუ იმ ობიექტის განახლებული ფუნქციით.

-როგორ აგნებთ მსგავს ობიექტებს?

-ცოტა რთულია ამის ახსნა. როდესაც ამ სფეროში ახალი ხარ და ეცნობი კონსტრუქციებს, მაშინ ძნელია, მიაგნო რამეს, მაგრამ პრაქტიკაში მოდის ყველაფერი. საკმარისია იცოდე, რა დამახასიათებელი ნიშნები აქვს მიწისქვეშა ობიექტს, რა აკავშირებს მას მიწისზედა სამყაროსთან, როგორ შენობებს უკეთებდნენ მიწისქვეშა თავშესაფრებს და ამის მიხედვით მიაგნებთ ობიექტებს.

-გვესაუბრეთ საფრთხეების შესახებ.

-საფრთხე ძალიან ბევრია. შესაძლებელია მავნე ნივთიერება შეისუნთქო ან კიბემ ვერ გაგიძლოს და ა.შ. ბევრჯერ მქონია შემთხვევა ასბესტთან შეხების, ვერცხლისწყალსაც გადავურჩით რამდენჯერმე, კიბეც ჩაგვტყდომია, მაგრამ ეს ყველაფერი არ გვიშლის ხელს ჩვენს საქმიანობაში.

-საუბრობენ იმაზეც, რომ მიწისქვეშა ობიექტების დიდი ნაწილი ნადგურდება. რატომ? თუ მიმართეთ ვინმეს დასახმარებლად და, ზოგადად, რა გამოსავალს ხედავთ აღნიშნული რთული სიტუაციიდან?

-ნადგურდება იმიტომ, რომ არის უყურადღებოდ. როდესაც ხალხს უჭირდა, ასეთი ობიექტებიდან წამოიღეს რადიოგადამცემები და სხვა ელექტრომოწყობილობები. როდესაც ასეთი ფასეული ნივთები აღარ დარჩა, შემდეგ გადავიდნენ ჯართის ჩაბარებაზე, ხსნიდნენ ჰერმეტულ კარებს და თითქმის ყველაფერს, რაც მეტალის იყო. დასახმარებლად არავისთვის მიგვიმართავს, რადგან უარი გვითხრეს,ერთ-ერთ ობიექტზე გაგვეხსნა მუზეუმი და, შესაბამისად, ყველა იმედი გაგვიქრა. გამოსავალი არის ის, რომ ეს ადგილები განახლდეს სხვა ფუნქციით. ცალსახაა, რომ უმეტესობა ვეღარ აღდგება იმ პირვანდელი სახით და რეალურად იმ ფუნქციასაც ვერ შეასრულებს, რადგან ეს ობიექტები გათვლილი იყო იმ წლების გასანადგურებელი მოწყობილობების განვითარების დონეზე.

-სამომავლოდ რას გეგმავთ, როგორ განვითარდებით ამ მიმართულებით?

კონკრეტული გეგმა არ გვაქვს ამ ეტაპზე. ძალიან გვინდა, რომ გადავაკეთოთ ერთ-ერთი ობიექტი მუზეუმად, სადაც იქნება ისტორიები სხვადასხვა ობიექტზე, სურათები და ა.შ.

-არსებობს არაერთი ლეგენდა, რომელიმეზე მოგვიყევით.

-ლეგენდებს რაც შეეხება, ყველაზე პოპულარულია ე.წ თბილისის პენტაგრამა, რომელიც ხუთ სხვადასხვა სახლს აკავშირებს ერთმანეთთან, შესაბამისად, ისახება პენტაგრამა. ასევე არსებობს ლეგენდები იმის შესახებ, რომ ერთი ქალაქიდან მეორეში გადის გვირაბი და ა.შ. ზოგადად, ამ ყველაფერს არასერიოზულად აღვიქვამთ ჩვენ და არც ვინტერესდებით მსგავსი ლეგენდებით.

-რა რჩევებს მისცემდით მათ, ვისაც აინტერესებს მიწისქვეშა ქალაქი.

-ვისაც აინტერესებს მიწისქვეშა სამყარო, ვურჩევდი, რომ თავდაპირველად ადვილი ობიექტებით დაიწყონ, ეს მათ გამოცდილებას შესძენს. გაერკვნენ, როგორ გამოიყურება ასბესტი, ვერცხლისწყალი და მსგავსი საშიში მასალები, რომლებიც ხშირად გვხვდება მიწისქვეშა ობიექტებში. რაც ყველაზე მთავარია, ობიექტურად შეაფასონ საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები, აღჭურვილობა და ობიექტის სირთულე.


infonews.ge



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

ფურირმები ლაგოდეხის ნაკრძალში
ცხვრები თუშეთის გზაზე
დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე

ინტერვიუ

ხვამლის მთაზე დინოზავრის ნაფეხური იპოვეს?
"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?
მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.80.227.189